გამოცემა Reuters-ის ცნობით, ინდოეთის უტარახანდის შტატში მაშველებმა 17 დღის წინ გვირაბის ჩამონგრევის შედეგად ჩარჩენილ 41 მუშამდე მისაღწევად ნანგრევები გაბურღეს და მალე მუშების სათითაოდ ამოყვანას დაიწყებენ.
ოფიციალური პირების თქმით, ევაკუაციის პროცესი რამდენიმე საათი გაგრძელდება, რადგან ჯერ გაბურღულ ღრმულში მილის ჩაშვებაა საჭირო, რომელშიც მაშველები უნდა ჩავიდნენ. შემდეგ კი ჩარჩენილ მუშებს, სათითაოდ, საკაცეებით ამოიყვანენ. მაშველებმა საბურღი მანქანით 90 სანტიმეტრის სიგანის ღრმულის გაკეთება შეძლეს.
გვირაბი 12 ნოემბერს ჩამოინგრა, თუმცა ოფიციალურ პირებს ჩამონგრევის მიზეზი არ დაუკონკრეტებიათ. მათი თქმით, რეგიონი მიწისძვრის, მეწყრისა და წყალდიდობების მიმართ მოწყვლადია. ამ დღეების განმავლობაში ჩარჩენილი მუშებისთვის წყლის, საკვების, მედიკამენტებისა და ჟანგბადის მიწოდება შესაძლებელი იყო. 41 მუშას გარეთ სასწრაფო დახმარების მანქანები ელოდებიან, რათა მალევე მოხერხდეს მათი საავადმყოფოში გადაყვანა, რომელიც 30 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, გვირაბი გეოლოგიურ ნასხლეტზე (ფილების გამყოფ ხაზზე) მდებარეობდა და მას ავარიული გასასვლელი არ ჰქონდა.