საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ პირველი ექსპორტი ინდოეთში განახორციელა. ამის შესახებ ასოციაციის პრეზიდენტმა, თორნიკე ფანჯავიძემ, BMGTV-ის გადაცემაში “საქმიანი დილა” ისაუბრა.
როგორც ფანჯავიძე აღნიშნავს, 2025 წელი რთული აღმოჩნდა ფერმერებისთვის. საგაზაფხულო ყინვამ მრავალი ბაღი დააზიანა, რამაც პროდუქციის რაოდენობასა და შესაბამისად, ექსპორტის პოტენციალზეც გავლენა იქონია. მიუხედავად ამისა, ასოციაციამ ახალი საექსპორტო ბაზრის, ინდოეთის ათვისება შეძლო და პირველი სატესტო რაოდენობები ამ ბაზარზე გაყიდა.
ინდოეთის ბაზარს ასოციაცია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებით განიხილავს. ფანჯავიძის თქმით, ინდოეთი, ჩინეთის შემდეგ, მსოფლიოს მოცვის მწარმოებლებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ბაზრად ითვლება.
„სატესტო ექსპორტი ჩავატარეთ მცირე რაოდენობით, თუმცა წარმატებით. ლოგისტიკური სირთულეების გათვალისწინებით, მიზანი იყო შემსყიდველებთან ურთიერთობის დაწყება, რაც წარმატებით განხორციელდა. მომავალში, ლოგისტიკის გაუმჯობესებასთან ერთად, ქართული მოცვის ექსპორტის ზრდას ველით“, – განაცხადა მან.
ასოციაციას უკვე გააჩნია ინდოეთთან იმპორტ-ექსპორტის შეთანხმება, რაც გულისხმობს იმას, რომ ქართული პროდუქციის ინდოეთში შეტანას დამატებითი ფიტოსანიტარული სერტიფიკატი არ სჭირდება და ქვეყნის მიერ გაცემული დოკუმენტი სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნებს.
ფანჯავიძე ასევე მიუთითებს, რომ მიმდინარეობს მუშაობა ჩინეთის ბაზრის გახსნაზე, რაც ქართული მოცვის აზიურ ბაზრებზე გეოგრაფიულ დივერსიფიკაციას ხელს შეუწყობს.
„ახალგაზრდა ბაღების არსებობა, მაღალი ხარისხის მოცვი და მოსავლის კარგი მაჩვენებელი საშუალებას გვაძლევს, ვიმუშაოთ სხვადასხვა ბაზრის სპეციფიკაციაზე მორგებულ ექსპორტზე. გეოგრაფიული მდებარეობა და სეზონურობაც ჩვენს კონკურენტულ უპირატესობად ითვლება,” – დასძენს ასოციაციის პრეზიდენტი.
ინფორმაციისთვის, 2025 წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ მოცვის ექსპორტიდან $30.2 მილიონი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.1%-იან ზრდას ნიშნავს. საქსტატის მონაცემებით, გასაყიდად გატანილი მოცვის რაოდენობა 4 392 ტონას აღწევს, მაშინ როცა 2024 წლის 6 თვეში ეს მაჩვენებელი 3 953 ტონა იყო ($23.5 მლნ).
