ინდოეთში დასრულდა ჰიმალაის მთებში ჩამონგრეული გვირაბის ქვეშ მოყოლილი მუშების გადარჩენის ოპერაცია, რომელიც 17 დღეს გაგრძელდა. 28 ნოემბერს ღამით, მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 41-ვე მუშა.
ინდოეთის ჩრდილოეთში მდებარე უტარახანდის შტატში, ერთ-ერთ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მშენებარე გვირაბი 12 ნოემბერს ჩამოინგრა. ასეულობით მეტრის სიღრმეზე მოყოლილთა გადარჩენის ოპერაციის პირველ ეტაპზე მაშველებმა შეძლეს და ტონობით ნანგრევებში გააკეთეს ხვრელი, საიდანაც მუშებს ჟანგბადს, საკვებს და მედიკამენტებს აწვდიდნენ. მათ გადარჩენას ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ მუშების გარშემო გარკვეული სივრცე დარჩენილი იყო.
ოპერაციის ბოლო ეტაპზე პროცესში ჩაერთო მაშველების სპეციალური დანაყოფი, რომელსაც ვიწრო სივრცეებში მუშაობა შეუძლია.
შტატის გუბერნატორმა პუშკარ სინგჰ დამიმ სოციალურ ქსელ Х-ში გამოაქვეყნა გადარჩენილი მუშების დახვედრის ამსახველი ვიდეო და დაწერა, რომ მოთმინებამ, მიზანმიმართულმა შრომამ და რწმენამ გაიმარჯვეს.
ინდოეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მუშების გადარჩენა უდიდესი შვება და სიხარულია. პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ გადარჩენილებს მიმართა, რომ მათი ვაჟკაცობა და მოთმინება აღმაფრთოვანებელია.
ავსტრალიელმა ექსპერტმა არნოლდ დიკსმა, რომელსაც მიწისქვეშა სამუშაოების დიდი გამოცდილება აქვს და ინდოეთში მიმდინარე ოპერაციას აქტიურად აკვირდებოდა, BBC-ს უთხრა, რომ ეს იყო ყველაზე რთული ოპერაცია, რაც აქამდე უნახავს.
გერმანულ-ავსტრიულმა საინჟინრო-საკონსულტაციო ფირმამ Bernard Gruppe-მ, რომელიც გვირაბის მშენებელმა ინდურმა კომპანიამ დაიქირავა, აგვისტოში განაცხადა, რომ გვირაბის გაყვანის დაწყების შემდეგ გაირკვა, რომ გეოლოგიური პირობები იმაზე გაცილებით რთულია, ვიდრე სატენდერო დოკუმენტაციით იყო პროგნოზირებული. გეოლოგების თანახმად, ამ რაიონში მთის ქანები ბევრგან საკმაოდ ფხვიერია.
ჯერჯერობით გაურკვეველია, რატომ არ იყო მოწყობილი საევაკუაციო გასასვლელი, რომლის პროექტი მშენებლობის დაწყებამდე რამდენიმე წლით ადრე დაამტკიცეს. გვირაბის ჩამონგრევის გამო გამოძიება მიმდინარეობს.