ინდოეთი და პაკისტანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ მას შემდეგ, რაც ორმხრივმა შეტევებმა უფრო ფართო კონფლიქტის წარმოქმნის შიში გააძლიერა.
დასავლური მედია წერს, რომ წყარომ პაკისტანის მთავრობიდან განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ მოლაპარაკებებში.
იმავე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც აღნიშნა და Truth Social-ზე დაწერა, რომ მხარეებმა აშშ-ს შუამავლობით მიაღწიეს შეთანხმებას.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლამიც გამოეხმაურა აღნიშნულს და X-ზე დაწერა, რომ ინდოეთისა და პაკისტანის მიერ ცეცხლის შეწყვეტა „ძალიან მისასალმებელია“
„მოვუწოდებ ორივე მხარეს, შეინარჩუნონ ეს. დეესკალაცია ყველას ინტერესებში შედის“, – დაწერა მან.
Today’s ceasefire between India and Pakistan is hugely welcome. I urge both parties to sustain this. De-escalation is in everybody’s interest. — David Lammy (@DavidLammy) May 10, 2025
გასული კვირის დასაწყისში ინდოეთ-პაკისტანის საზღვრისპირა ტერიტორიებზე ინტენსიური სროლა იყო, რასაც ორივე მხარეს სულ მცირე 12 მშვიდობიანი მოქალაქე და რამდენიმე ჯარისკაცი ემსხვერპლა. საზღვრის მახლობლად მდებარე სოფლები საგანგებო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ათასობით ადამიანი კი იძულებული გახდა თავშესაფრებში შეეფარებინა თავი.
პაკისტანმა ინდოეთი „აგრესიულ მოქმედებებში“ დაადანაშაულა, ინდოეთი კი „სანდო დაზვერვითი ინფორმაციის“ საფუძველზე საზღვრის უკანონო კვეთით შემოსულ მებრძოლებზე საუბრობდა.
დღეს, 10 მაისის ახალი სამხედრო შეტევა პაკისტანმა წამოიწყო, რაც მათი თქმით ინდოეთის წინა შეტევებზე პასუხი იყო. ინდოეთი კი დღის განმავლობაში აცხადებდა, რომ პაკისტანს არა მხოლოდ სამხედროებზე, არამედ მშვიდობიან მოსახლეობაზეც მიჰქონდა იერიში. კონფლიქტის ორივე მხარემ აღნიშნა, რომ დღევანდელ შეტევებს მოჰყვა მსხვერპლიც.
