ინდოეთის პრემიერმა ევროპაში ვიზიტები გადადო

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ გადადო ხორვატიაში, ნიდერლანდსა და ნორვეგიაში დაგეგმილი ვიზიტი, ინფორმაციას CNN ავრცელებს ინდოეთის მთავრობის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
ვიზიტების გადადების ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა, თუმცა განცხადება გაკეთდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც დელიმ პაკისტანსა და ს მიერ კონტროლირებად ქაშმირზე დარტყმები დაიწყო.
მოდიმ საჯაროდ არ ისაუბრა ინდოეთის მეზობელზე განხორციელებულ სამხედრო ქმედებებზე.
პაკისტანი აცხადებს, რომ თავდასხმის საპასუხოდ ინდოეთის საჰაერო ძალების ხუთი თვითმფრინავი და ერთი დრონი ჩამოაგდო. ინდოეთს დანაკარგი ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.
პაკისტანის პენჯაბის პროვინციის ერთ-ერთმა მკვიდრმა სააგენტო „როიტერსს“ განუცხადა, რომ დრონები ოთხშაბათს გამთენიისას გამოჩნდნენ და ქალაქში მეჩეთს დაარტყეს, რის შედეგადაც ის განადგურდა.
7 მაისის ღამით ინდოეთმა პაკისტანის წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო სახელწოდებით “სინდორი”.
ინდოეთის მიერ კონტროლირებადი ქაშმირის პუნჩის რაიონის მაღალჩინოსანმა BBC-ს განუცხადა, რომ პუნჩის საზღვრისპირა რეგიონში სროლის შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 32 დაშავდა.
პუნჩი ინდოეთსა და პაკისტანს შორის ფაქტობრივ საზღვარზე მდებარეობს.
აზჰარ მაჯიდის თქმით, „ამ დროისთვის სროლა შეწყდა. ჩვენ ადგილზე ვართ და სიტუაციას ვაფასებთ“.
მანამდე ინდოეთის არმიის წარმომადგენელმა რეგიონში სამი ადამიანის დაღუპვა დაადასტურა.
პაკისტანის არმიის მეთაურის განცხადებით კი, ინდოეთის თავდასხმის შედეგად 26 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 46 დაშავდა – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობა მკვეთრად გამწვავდა მას შემდეგ, რაც 22 აპრილს ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ქაშმირში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ინდოელ ტურისტებზე. პასუხისმგებლობა იკისრა ისლამისტურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ. ინდოეთის ხელისუფლებამ ეს თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა. თავდასხმის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. ითქვა, რომ თავდამსხმელთა შორის ორ ადამიანს პაკისტანის მოქალაქეობა აქვს.
ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობას ხანგრძლივი ისტორია აქვს 1947 წლიდან მოყოლებული. კონფლიქტების დიდი ნაწილი ქაშმირს უკავშირდებოდა. ინდოეთისა და პაკისტანის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქაშმირი ამ ორ ქვეყანას შორის სადაო ტერიტორიაა.
პირველი ომი ქაშმირის გაყოფიდან მალევე დაიწყო და 1949 წელს გაეროს შუამავლობით დასრულდა, თუმცა ორივე ქვეყანა მის სრულ კონტროლზე პრეტენზიას გამოთქვამდა.
1965 წელს ქვეყნებს შორის კვლავ ომი გაჩაღდა, მას შემდეგ რაც პაკისტანის ჯარი ქაშმირის ინდოეთის კონტროლირებად ნაწილში შეიჭრა.
1971 წელს ომი დაიწყო აღმოსავლეთ პაკისტანში, სადაც ინდოეთი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლო ძალებს უჭერდა მხარს, რაც ბანგლადეშის შეთანხმებით დასრულდა.
1999 წელს ქალაქ კარგილში კონფლიქტისას პაკისტანის არმია შეიჭრა ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში, რამაც ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის დაპირისპირების გამო მსოფლიო განგაში გამოიწვია.
ბოლო წლებში დაძაბულობას ზღრდიდა ცალკეული თავდასხმები, ინდოეთმა “წერტილოვანი დარტყმები” განახორციელა 2016 წელს ურიზე იერიშის საპასუხოდ. 2019 წელს კი ინდოეთის ავიაიერიშს პაკისტანმა საჰაერო დარტყმებით უპასუხა.
ფორუმი