ჟურნალისტი ინგა ჩახვაშვილი:
ამ ამბის მოყოლა ზუსტად რადიო “თავისუფლების” ზუსტად ამ სიუჟეტის გაზიარებით მომინდა. ვსხედვართ მზია ამაღლობელის განაჩენით გამტკნარებულები აბაშიძეზე ერთ კუსკუსა ბათუმურ კაფეში პრეზიდენტი, მაია, ელენე და თქვენი მონა-მორჩილი და გიორგი ახობაძის განაჩენის გამოცხადებას ველოდებით. წუთებს და წამებს ვითვლით. წამებად გვექცა მოლოდინი. ვლაპარაკობთ, ჩვენ ჩვენი გადმოსახედიდან ვაფასებთ მზიასთვის მისჯილ ორ წელს, ვიხსენებთ სინდისის პატიმრების ნათქვამს, ფრთიან ფრაზებად რომ იქცა, საერთოდაც, სხვა სალაპარაკო თემა არ გვაქვს – კანონი, მუხლი, გადაკვალიფიცირდა, მაგრამ მაინც “სისხლით დაგიჭერ” გამოვიდა.
ამასობაში 16.00 გახდა. ელენემ აღმოაჩინა, რომ რადიო “თავისუფლება” პირდაპირ “ეთერში” წერილობით მაუწყებლობს. კომენტარებში წერს, რა ხდება დარბაზში. ელენეს ტელეფონზე ნათია რეკავს, სამივენი მორიგეობით ელაპარაკებიან, მე დროდადრო ვაწვდი ინფორმაციას, რაც იწერება კომენტარებში.
16:05 – მოსამართლე ისევ არ ჩანს. არც სხდომის მდივანი… ლოდინის დრო მხარეებზე განსაკუთრებულად მოქმედებს, მათი სხეულის ენა ბევრს ამბობს ნერვიულობის ხარისხზე.
ლაშა ცუცქირიძე განუწყვეტლივ ფეხს აქანავებს, მარიამი – მეტალის ნივთს აგორებს. პროკურორი, შმაგი გობეჯიშვილი შავ სკამზეა მიყრდნობილი და ხელები აქვს გადაჯვარედინებული.
16:11 – მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი, რომელიც სასამართლოზე ყოველთვის წესრიგის ასკეტურად მოყვარულის შთაბეჭდილებას ტოვებს, იგვიანებს.
Maia Chkhikvishvili
კომენტარებს კითხულობს ალბათ, ხოდა თუ კითხულობ, რომეო, არ გაბედო უსამართლო გადაწყვეტილება და მიეცი თავისუფლება გიორგის
16:18 – მეშვიდე დარბაზში შემოვიდა სხდომის მდივანი. სანამ ეს ტექსტი ავკრიფე – წავიდა.
16:20 ისევ შემოვიდა – “რაღაც პრობლემა გვაქვს (სავარაუდოდ სისტემასთან დაკავშირებული) მიანიშნა მხარეებს.
Sofia Khachapuridze
რადიო თავისუფლება ვიცით, რომ პრობლემა აქვთ…. რა ხანია
16:23 – იქამდე, სანამ მოსამართლეს ველოდებით წაიკითხეთ გიორგი ახობაძის საბოლოო სიტყვა, რომელიც ბოლო პროცესზე წარმოთქვა:
16:24 – “ტექნიკური ხარვეზი გვაქვს, ვასწორებ”, – ამბობს სხდომის მდივანი.
16:26 – გიორგი ახობაძე ბადრაგებმა შემოიყვანეს. შემოვიდა მოსამართლეც
16:27 – “ყოველგვარი ემოციების გარეშე” და იწყებს კითხვას.
16:27 – რომეო ტყეშელაშვილმა გიორგი ახობაძე გაამართლა
ვკითხულობ და თვალებს არ ვუჯერებ, ვიღაცამ დაუკომენტარა: რა თქვი ახლა, გაიმეორე.
ხმამაღლა ვკითხულობ, რომ დავრწმუნდე, ცხადში ვარ და არა სიზმარში, ფეხზეც ვიჩქმიტე. რას ამბობ? – მეკითხება მაია? რა ვიცი, თუ რადიო “თავისუფლება” არ გვეკაიფება, მაგრამ თავისუფლებაზე რა პონტში უნდა გვეკაიფოს. თავისუფალია…სიხარულის ცრემლები თავისთავად პოულობს გზას თავისუფლებისკენ (აღარც მახსოვს ბოლოს როდის ვიტირე სიხარულისგან) და ხელები მიკანკალებს. კიდევ და კიდევ ვუკითხავ 16.27-ზე დაპოსტილს,ასჯერ წავიკითხავ,ისეთი სიხარულის განცდა მოაქვს წაკითხულს. ვხარობთ,ერთმანეთს ვულოცავთ,სასწაულს ველოდი,ოღონდ უფრო მზიასთან მეგონა მოხდებოდა. მაგრამ ხომ მოხდა 

ამასობაში ლაივი ჩაირთო და გიორგი გამოჩნდა ეზოში გამოსული. ლაივი გავაზიარე ორი მოკლე ფრაზით: დიდება უფალს, მადლობა ღმერთო.ზუსტად ვიცი, მისი ნების გარეშე არაფერი მოხდებოდა. მზიას ეტყობა თავისი წილი ბრძოლა აქვს დარჩენილი, ბოლომდე მისაყვანი 

ყველანი გათავისუფლდებიან, ეს უსიხარულო რეჟიმი კი, ყველაფერი რომ ჰქონდა საიმისოდ, ბედნიერად ემართა ქვეყანა და ხალხსაც ცხოვრების ხალისი, სილაღე, თავისუფლება ჰქონოდა, წაბნელდება.






დავემშვიდობეთ ერთმანეთს, წამოვედი პარკით ბოლო ხმაზე ჩართული ლაივით. გზაზე შემხვედრები მერიდებოდნენ, ალბათ ჩემი გამომეტყველების გამო – ყურებამდე გაცინებული ცრემლიანი თვალებით – ვერ ვიქნებოდი მთლად სანდო შესახედი.
ახლა მატარებლით ვბრუნდები თბილისში
ემოციები ჩაცხრა, მოვისმინე რამდენიმე ჩართვა გიორგისი, ვნახე ეს სიუჟეტიც, რომელსაც ამ პოსტის ქვეშ ვაზიარებ და მიხარია, რომ პირველი სწორედ გიორგი გათავისუფლდა, რადგან ექიმის მთავარი ღირსება რეალობის ადექვატური შეფასება, სწრაფი დიაგნოსტირება და სწრაფი რეაგირებაა. გიორგის კი ეს უნარი, ამბობენ, საუკეთესოდ აქვს განვითარებული. ამიტომაც, იმედიანად ვარ 

რომ წარმოვიდგენ, როგორი ნუგეშია დედებისთვის თუნდაც ერთი შვილის გათავისუფლება, მათთან ერთად ვივსები სასოებით. ხომ შევთანხმდით – ამ ომში სხვისი შვილები არ არსებობენ 



