“გუშინ კობა ლიკლიკაძემ 5 წლის წინანდელი, პრაღაში გადაღებული ჩემი ფოტო დაალაიქა და ცოტა ხანი ნიუსფიდში მიტრიალებდა ჩემი გაცინებულ-ბედნიერსახიანი ფოტოს მოწონება-დაკომენტარების ქრონიკა. რა დროს ძველი ფოტოების ამოჩხრეკაა, ხალხო?! ხმას არ ამოვიღებდი, ამ დილით ზეინაბ დიასამიძესაც Zeinab Diasamidze იგივე გულისტკივილი არ დაეწერა. ვიმედოვნებ, რომ კობას ეს შეგნებულად არ გაუკეთებია და მხოლოდ იმ სურვილით იყო მისი საქციელი განპირობებული, დაგვბრუნებოდეს ბედნიერი დღეები ქვეყანაში, ოჯახებში, ჩვენს გულებში.
რამდენიმე დღის წინ, როცა მართლა გულგატეხილი ვიყავი და 7 საათს ველოდებოდი აქციაზე წასასვლელად, პაატა ნაცვლიშვილმა მომიკითხა. ჩემი განწყობა რომ გაიგო, მომწერა: შენ ადგილას ახლა გავიდოდი უახლოეს მეტროსთან და “ლიტერატურულ საქართველოს” ვიყიდდი, ისეთი სიურპრიზი გელოდება, გაგიმთელდება ეგ დამსხვრეული გული ჩემს “მოუყოლელ ამბებზე” დაუწერია თავის სტილში “შთანაწერები”.
ვერ ვუარყოფ, მესიამოვნა, მაგრამ საჯაროდ სიტყვა ვერ დავწერე, უბრალოდ, მადლიერების სიტყვა ჩემი პირველი რედაქტორის მიმართ, რომელმაც თავისი გამოზრდილი ჟურნალისტს მწერლობაში პირველი ნაბიჯები შეუფასა. ამისი დროც მოვა, მადლიერება არასდროსაა გვიანი, ვიფიქრე.
ერთი საინტერესოდ მოფიქრალი ბიჭის წიგნს ვარედაქტირებ, არჩევნებამდე მქონდა აღებული საქმე. გუშინ დავურეკე და ბოდიში მოვუხადე, არ გამომდის, გულს ვერ ვუდებ და ეს ამბები რომ გადაივლის, თუ ცოცხალი დავრჩით და ენდომება წიგნი ვინმეს ამ ქვეყანაში, მერესთვის გადავდოთ მეთქი. დამთანხმდა.
ამას განა იმიტომ ვწერ, ნახეთ, რა კარგი ვარ, არა! იმიტომ რომ გვერდიდან შეგახედოთ საკუთარი თავისთვის. სულ რამდენიმე ათეული წლის წინ მეზობელ ოჯახში ტრაგედია თუ იყო, მთელი უბანი მორიდებით და პატივისცემის ნიშნად ტელევიზორს არ რთავდა ორმოცამდე, სიმღერასა და ცეკვა-თამაშზე ლაპარაკი ზედმეტია. რა გამღერებთ? რა თავს იპიარებთ? რა გაცინებთ? ვის დავალებას ასრულებთ? ვის უმტკიცებთ ასე, რომ “ემიჯნებით ორივე მხრიდან ძალადობას”? ორივე მხრიდან ძალადობას რომ გმობთ კიდე, ის, ვინც ძალაუფლებას ჩაჭიდებული ცდილობს თავისუფლების ჰაერის ბოლო ყლუპიც გადაგვიკეტოს როგორ შეგიძლიათ ამ ნათელი გოგო-ბიჭებისგან ძალადობის მსხვერპლად წარმოაჩინოთ?
გამოცდილებამ არაფერი გვასწვლა, სამწუხაროდ. თუთიყუშებივით ჩაციკლული გაქვთ “ნაცები, ნაცები” და ვითომ ნაცები იყვნენ მხოლოდ ამ უბედურების ავტორები და ის ხალხი არ ვიყოთ, ალექსანდროვის ბაღიდან თბილისის გულში რუსის მიერ ერთმანეთს წაკიდებული ქართველების გაჩაღებულ ომს ლაივში არ ვუყურებდით, ტაშს არ ვუკრავდით, მხარეებს არ ვგულშემატკივრობდით?!
ეს ფოტო იდოს ამ სტატუსის ქვეშ, ძალიან ხშირად მინდა შეგხვდეთ ნიუსფიდზე, იმათ, ვინც გულწრფელად მშვიდობის სახელით ხმა ამ, არა მხოლოდ ცალკეული ადამიანების, ქვეყანაში სინათლის და თავისუფლების მკვლელ მოძალადეებს მიეცით,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ინგა ჩახვაშვილი.