“ათიოდე წლის წინ, საბერძნეთში დასასვენებლად წასულს ჩემი წაღებული საკითხავი რომ გამომელია, ლიზას წიგნებს მივადექი.”დელირიუმი” – ლორენ ოლივერის ტრილოგიის პირველი წიგნი – ეს ამოვარჩიე და დავიწყე კითხვა, რომელიც დროდადრო სხვადასხვა ემოციებს იწვევდა ჩემში, საერთო სახელით – შიში.
ვერაფრით ვერ ვახერხებდი იმის წარმოდგენას, რომ შეიძლება ტოტალიტარულმა რეჟიმმა ადამიანები დაარწმუნონ იმაში, რომ სიყვარული დაავადებაა – სახელად ამორ დელირია ნევროზა; რომ მისგან განსაკურნებლად უნდა აიცრა, როგორც კი სრულწლოვანი გახდები, რომ არ შეგიყვარდეს, არ დაავადდე; როგორ დევნიან ადამიანებს, ვისაც არ უნდა აცრა, ვისაც სიყვარულით და სიყვარულში ცხოვრება უნდა; ასეთებს როგორ აბეზღებენ შინაურები, ოჯახის წევრები, როგორ არის ხალხის ამ დაავადებით დაშინებაში ჩართული მთელი სახელმწიფო მანქანა თავისი ტელევიზიებით (ადამიანების ტვინების გამოსარეცხად), ძალოვანი დაჯგუფებები (შიშის დასათესად, გასატეხად), როგორ იბრძვიან, ემალებიან “სამართალდამცავებს” ლინა და ალექსი, რომელიც “განკურნებულს” თამაშობს, რომ ქალაქში ცხოვრების უფლება დაიტოვოს და ელექტროღობის იქით, სადაც კეთროვანებივით ჰყავთ სიყვარულისგან განკურნების გამპროტესტებელი ხალხი; როგორ მიაგნებენ იქ, იმ ჯურღმულებში ლინას დედას, რომელიც კი არ მომკვდარა, როგორც გოგონას აჯერებდნენ, არამედ…
აღარ დაგასპოილერებთ და მეც გავჩერდები, რადგან ისევ წამოვიდა ის უმწეობის და უსუსურობის ემოციები, რაც მაშინ განვიცადე. ამიტომ ფოკუსს ლინაზე და ალექსზე შევაჩერებ და იმ, ღობის იქით გასახლებულთა ბრძოლაზე, როგორც ტოტალიტარულ ქვეყანაში თავისუფლების მოპოვების ერთადერთ საშუალებაზე – მშვიდობიან, სიყვარულიან ბრძოლაზე.
ეს დღეები სულ ეს წიგნი მახსენებს თავს. დისტოპიააო, მამშვიდებდა ლიზა მაშინ აღელვებულს, დაშვება იმისა, რაზეა წამსვლელი ტოტალიტარული რეჟიმიო. ახლა საკუთარი თვალით ვხედავ, რომ ტოტალიტარიზმს, დიქტატურას, ტვინგამრუდებული ჯგუფის მიერ ხელისუფლების არა, ძალაუფლების უზურპაციას როგორ შეუძლია სიყვარული მოკლას ადამიანებს შორის, ან სახელი შეუცვალოს მას, დასცინოს, დევნოს, დაიჭიროს, აწამოს ადამიანები სიყვარულისთვის, მლოცველი დაკავებულისთვის ათქმევინოს – აბა, გიშველა შენმა ლოცვამ?! ქრისტეს უსუსურობის დემონსტრირებას ეცადოს საკუთარი დიდების, ძლევამოსილების ფონზე, ოჯახები გაყოს, სამეგობროები გაყაროს, მარტივ მამრავლებად დაშალოს ქვეყანა და ასე მიართვას მტერს, ჩააბაროს.
მაგრამ… მაგრამ მამა ღმერთს თავისი შვილი იმიტომ არ გამოუგზავნია და დაუბადებია ჩვენიანი, ჩვეულებრივი ადამიანისგან, რომ ორი ათასწლეულის შემდეგ ბოროტმა სძლიოს კეთილს, სიძულვილმა სიყვარულს, გათითოკაცებამ ერთობას ქრისტესმიერი სიყვარულით, მამა ღმერთის სიბრძნით და შემოქმედების უსასრულობით, სულიწმინდის მადლით, დედა ღვთისას მშობლიური კალთის სითბოთი, ერთმანეთის რეალური მიმღებლობით და უპირობო სიყვარულით ჩვენ შევძლებთ განვაიარაღოთ ბოროტი, ვინც დაპატრონებია ჩვენს გულებს, ჩვენს ფიქრებს, ჩვენს სულებს მათივე შემოგდებული “განსხვავებული აზრის პატივისცემის” ვერაგობით.
რადგან სიყვარულს, დედაშვილობას, სამშობლოს დაცვას განსხვავებული აზრი არ სჭირდება. ის არის როგორც მოცემულობა და ნებისმიერ ფასად დასაცავია ბოროტისაგან არაფრისკენ არ მოგიწოდებთ, მე ვინ ვარ, რომ რამე გირჩიოთ.
უბრალოდ იფიქრეთ, რატომ ვართ ამ დღეში, რატომ არ ველაპარაკებით, არ ვურეკავთ, არ ვეხმიანებით, ჩემ თავზე ვიტყვი, იმ მეგობრებს, რომლისთვისაც სულ ერთია, საქართველო ისევ რუსეთის ჩექმის ქვეშ იქნება თუ არა. არ ვიცი, რაზე უნდა ველაპარაკო.
ნებისმიერი თემა ყალბი მგონია, მათ შორის ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წუწუნი. ვიფიქროთ ამაზე, გთხოვთ. ნუ გადავაყოლებთ ამ ქვეყანას ერთ მუჭა დამნაშავეებს, ქვეყნის გამყიდველებს, ქართველ ბაშარ ასადებს როგორც ჩანს, დისტოპია მხოლოდ დაშვება არ ყოფილა, აგერ მშვენივრად აგვიმოქმედეს ქრისტეს სამწყოში უსიყვარულობა.
და მაინც გეტყვით – სიყვარულს ებარებოდეთ! ” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ინგა ჩახვაშვილი.