ინგა ჩახვაშვილი: ახლა იტყვით, რა შუაშია ვახტანგ ახობაძეო. შუაში კი არა, თავშია და დღეს, როცა ვნახე …

“როგორ შეიძლება არ გამხარებოდა, ის რაც პარამკლავჭიდელ ვახტანგ ახობაძესთან დაკავშირებით მოხდა – საზოგადოებამ, ხალხმა საკუთარ თავზე აიღო იმ უხერხულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა, გამარჯვებით დაბრუნებულ მსოფლიო ჩემპიონს რომ არ დახვდნენ შესაფერისად აეროპორტში და ვისაც როგორ შეეძლო და ვისაც ვისთან მიუწვდებოდა ხმა, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს ბიჭი გულდაწყვეტილი არ დარჩენილიყო.
მიხარია, მთელი გულით – ემიგრანტების შეგროვილი ფულიც, გალფის მიერ გამოყოფილი თანხაც და ბინაც ამ ფანტასტიური, შეუზღუდავი შესაძლებლობების ბიჭისთვის.
მე ჩემი ტკივილისა მინდა გითხრათ – უკვე თითქმის ერთი წელია ჩვენი მეგობარი Giorgi Lobzhanidze გიორგი ლობჟანიძე ომშია, ომში საყვარელი მეუღლის და თავისი მთელი შემოქმედების მუზის, მშვენიერი ირინას გადასარჩენად.

მისმა მეგობრებმა, როგორც გიორგი ამბობს, თავად ღარიბებმა, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ფინანსურ პრობლემებს ხელი ვერ შეეშალათ გამოჯანმრთელების გზაზე დამდგარი ირინასთვის. ვინ ნახატი, ვინ წიგნი, ვინ ოჯახის რელიქვიური ნივთი გამოიტანა მწერალთა ბარში აუქციონზე და ისევ ჩვენიანებმა იყიდეს. ერთ ქვაბში, სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლა რომ ჰქვია, ვიხარშებოდით ყველანი. ის ბრძოლა მოვიგეთ.

მახსოვს, 20 თებერვალს, გიოს დაბადების დღეზე, ეთიოპიაში, ბაჰირ დარის კუნძულზე არსებულ უძველეს მონასტერში, იქაურ ბერთან ერთად ვლოცულობდი, რომ საღამოს სტამბულიდან დამაიმედებელი ამბავი მიმეღო ემერტეს კვლევების შედეგად. ყველა ასე იყო ჩვენი დიდი სამეგობროდან, ვისთვისაც გიორგი მთელი თავისი ღვაწლით და თავისი დიდი სიყვარულით ირინასადმი, გამორჩეული და ჯერაც შეუფასებელია.

გიორგი ვერ გახდება მსოფლიოს კი არა, ნაბახტევის ჩემპიონიც კი სპორტის რომელიმე სახეობაში. თავისი შემოქმედებით, ინტელექტით, თარგმანებით და მადლიერების ჰიმნად ქცეული დოკუმენტური პროზით “ჩემი ფანჯრებიდან” ის მსოფლიო ადამინია, ადამიანი მსახურება – სიტყვის, ენის, ლიტერატურის, ფილოსოფიის.

სიტყვა გამექცა, როგორც ვიცი ხოლმე. ის ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ საბოლოო ომის მოგება და გამარჯვება მხოლოდ 18თვიანი იმუნოთერაპიის შედეგად დადგება და გავიხარებთ.

აგვისტოს ბოლოს, მაქსიმუმ სექტემბრის დასაწყისში ირინა კიდევ ერთხელ უნდა ჩავიდეს თურქეთში კვლევებზე, რისთვისაც 12 ათასი (12 000) დოლარია საჭირო, ხოლო სრული თერაპიის ბოლომდე მისაყვანად, თუ ვადებში არ ავირიეთ უსახსრობის გამო, 70 ათასი (70 000) დოლარი.
ახლა იტყვით, რა შუაშია ვახტანგ ახობაძეო. შუაში კი არა, თავშია და დღეს, როცა ვნახე, ადამიანებმა, ვისაც როგორ შეეძლო გამოასწორეს შეცდომა, იმედი მომეცა, რომ გულთან მიიტანთ გიორგის და ირინას ამბავს, რომლებიც ვერასდროს გახდებიან მსოფლიო ჩემპიონები სპორტის რომელიმე სახეობაში, თუმცა მათი სიყვარული გადამდებია გამარჯვებულის სიხარულივით.
მეგობრებო, ძვირფასებო, ემიგრანტებო, ბიზნესმენებო, ადამიანებო, მე თქვენი მჯერა, თქვენი იმედი ნუ მომიშალოს ღმერთმა.
გამარჯვების შემდეგ კი არა, გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე გავერთიანდეთ და ერთად ვიზეიმოთ ეს გამარჯვება.
პ.ს. ანგარიშის ნომერი
GE79BG0000000161690240
GE52TB7519545061600003 ” წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ინგა ჩახვაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ