“ინგა საპატრულო პოლიციაში მუშაობდა… პარალელურად ვეტერინარულზეც დაიწყო სწავლა, 30 ცუგოს უვლიდა…” – რას ჰყვებიან ქალზე, რომელიც უმძიმეს ავარიას ემსხვერპლა?

ყვარელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა. სამწუხაროდ, ადგილზე დაიღუპა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი.

როგორც შევიტყვეთ, გარდაცვლილი ქალი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ინგა ყაველაშვილია. ადგილობრივების ინფორმაციით, საპირისპიროდ მოძრავი სატვირთო ავტომობილი მოცურდა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. მანქანაში მყოფი ქალი ადგილზე დაიღუპა. საგამოძიებო მოქმედებები ტრაგედიის ადგილას მიმდინარეობს.

ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილი პოლიციელი, ინგა ( ნინო) ყაველაშვილი დღეს ჩვეულებრივ სამსახურში იყო, ყვარელში მუშაობდა. ექვს საათზე დაასრულა სამუშაო, ამის შემდეგ საკუთარი მანქანით სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავარიაში მოყვა და ადგილზე დაიღუპა.

“ინგას ტრაგიკულად დაღუპვის ეს მძიმე ამბავი ტელეფონით შევიტყვე და მას მერე ვტირი. ძალიან განვიცდი მომხდარს. ავტოსაგზაო შემთხვევას შეეწირა ახალგაზრდა ქალი. ამბობენ, მის მანქანას ტრაილერი შეეჯახა და ადგილზე დაიღუპაო. გარდაცვლილი ინგა ყაველაშვილია, მეგობრები ნინოს ვეძახდით. ძალიან კარგი ადამიანი იყო. სიკეთით სავსე. მანქანის მართვა კარგად იცოდა, წლებია მართავს მანქანას, რა იყო ამ ავარიის მიზეზი, არ ვიცი, ამბობენ ტრაილერის მძღოლის ბრალეულობაო. ინგა საპატრულო პოლიციაში მუშაობდა. დღეს არ ყოფილა მორიგე და სამსახური 6 საათზე რომ დაასრულა, ყვარლიდან თავისი მანქანით სახლში წამოსულა. ის და მისი ერთი კოლეგა გოგონა ერთად გამოსულან სამსახურიდან, ის გოგოც თავისი მანქანით იყო, მას მაღაზიაში შეუვლია, ინგა ჩაჯდა თავის მანქანაში და წამოვიდა სახლისკენ, მერე იმ თანამშრომელმა გზა რომ გააგრძელა ეს უმძიმესი ავარია ნახა და დაინახა ინგას მანქანა.

საოცრად კარგი ადამიანი იყო, მასზე საუბრით არ დავიღლები. არაჩვეულებრივი გოგო. პარალელურად ვეტერინარულზეც დაიწყო სწავლა, რადგან ძალიან უყვარდა ცხოველები. 30 ცუგოს უვლიდა. მეც სამი ცუგო მყავს და თუ რამე გაუჭირდებოდათ, მეც მეხმარებოდა უანგაროდ. ალბათ საზოგადოებას ახსოვს კიდეც ინგას და მისი ენოტის ამბავი, მაშინ სოციალური ქსელი კამპანიამ მოიცვა – “დააბრუნეთ ცაცუნა“.

ცაცუ დააარქვა დედალ ენოტს, რომელიც ლაგოდეხში, სოფელ ჭაბუკიანში ინგას სახლში ერთ მშვენიერ დღეს მივიდა და მას შემდეგ შვილივით უვლიდა. უმწეო პატარა ენოტი ინგამ შეიფარა, საწოვარათი აჭმევდა საჭმელს, ასე გამოზარდა ის. დაუმეგობრდა ენოტი მისი ეზოს ბინადარ ძაღლებს და კატებს და რამდენიმე თვე ცხოვრობდა მასთან, მერე ვიღაცის საჩივრის საფუძველზე, თითქოს გარეული ცხოველი დატყვევებული ჰყავდათ, ცაცუ გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა წაიყვანეს და ზოოპარკს გადასცეს, მაგრამ მან იმდენი იბრძოლა, რომ ისევ დაიბრუნა ეს ენოტი. მერე დაიძინა ზამთარში ენოტმა და აღარ გამოჩნდა. განიცდიდა ინგა მის დაკარგვას. ამბობდა თუ თავისუფლება აირჩია, არა უშავს იყოს ბედნიერი, მე მონატრებას გავუძლებო.

მართლა საოცარი სულის გოგო იყო. ძალიან მშრომელი. ძალიან ბევრს შრომობდა ოჯახშიც. ყველაფერი მოვლილი და მოწესრიგებული ჰქონდა. არაჩვეულებრივი ბოსტანი ჰქონდა, საოცარი ყვავილები გამოჰყავდა, ჰქონდა ყვავილების სათბური და ყიდდა. ზოგადად ძალიან უყვარდა ბუნება, ცხოველები, ადამიანები. უვლიდა მთელ ოჯახს, ერთადერთი გოგონა ჰყავს, რომელიც სტუდენტია, ასაკოვან დედ-მასაც თვითონ უვლიდა. ინგა შრომობდა შეუსვენებლად. თავისი ცუგოები რომ შეენახა ამისთვის ყველაფერს აკეთებდა. საოცრად კარგი, თბილი თავშესაფარი მოუწყო, 30 ცუგო ჰყავს, თან ჰყვებოდა ცხოველებს. თავის თავზე არ ზრუნავდა მასე, როგორც მათზე. ქუჩის უპატრონო ძაღლებს ყოველდღე აპურებდა. მისი გოგონაც ვეტერინარიაზე სწავლობს და თვითონაც სწავლობდა, რომ უკეთესად მოევლო საყვარელი ცუგებისთვის. ინგას დახასიათებით და მის სიკეთეებზე საუბრისთვის მთელი ღამე არ მეყოფა, მარლა სიკეთით სავსე გოგო იყო. ძალიან დასანანია ასეთი სიცოცხლით სავსე ადამიანის ასე ტრაგიკულად დაღუპვა. ვუსამძიმრებ მის ოჯახის წევრებს ამ ტრაგედიას,”- ამბობს ჩვენთან საუბარში ინგას მეგობარი ია ელიზაროვი და უსამძიმრებს ოჯახს.

“საოცარი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც კი გამიჭირდებოდა პირადში ვწერდი და ვიცოდი, რომ უკვე გადარჩენილები ვიყავით. ცოდნაც ჰქონდა, მაგრამ ის რწმენა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მისგან იმიტომ მოდიოდა, რომ მადლიანი ადამიანი იყო. მადლიანი დიდი მნიშვნელობის მატარებელი სიტყვაა, იქიდანაც ჩანს მისი სიდიდე რომ ასე უბრალოდ ჟღერს…ნინოს ღმერთი აცხონებს მისი სიკეთეებისთვის: წერს ერთი ახლობელი სოციალურ ქსელში.

ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩერგოლეიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ უკან დახევის ფუფუნება არ აქვს. რეპრესიებით უჭირავს ეს ყველაფერი და რეპრესიები თუ აუშვა, მაშინ იწყება ზუსტად ავტოკრატებისთვის საშიში დრო, ჩამოინგრევიან