ინგა რუგინინე – ლიეტუვა საჰაერო ბუშტებთან დაკავშირებული ინციდენტების გამო ბელარუსთან საზღვარს ერთი თვით დახურავს

ლიეტუვა საჰაერო ბუშტებთან დაკავშირებული ინციდენტების გამო ბელარუსთან საზღვარს ერთი თვით დახურავს, – ამის შესახებ განცხადებას ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, ინგა რუგინინე ავრცელებს.
„გვესმის, რომ ეს ჩვენი მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის გარკვეულ უხერხულობას გამოიწვევს და ამის გამო ვწუხვართ, თუმცა უსაფრთხოებას სერიოზულად განვიხილავთ“, – განაცხადა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა.
ლიეტუვის მთავრობის ცნობით, ბელარუსთან სასაზღვრო-გამშვები პუნქტები 30 ნოემბრამდე დაიხურება.
ამასთან, ლიეტუვის მთავრობის განცხადებით, გამონაკლისი მხოლოდ ევროკავშირის, ნატო-ს ქვეყნებისა და უკრაინის მოქალაქეებს, ასევე, კალინინგრადში ტრანზიტს შეეხება.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ლიეტუვამ, ქვეყნის ტერიტორიაზე ბელარუსიდან მეტეოროლოგიური ბუშტების შეფრენის გამო, ბელარუსთან სასაზღვრო გამშვები პუნქტები და ვილნიუსის აეროპორტი დროებით დახურა.
მომხდარის შემდეგ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგა რუგინინემ განაცხადა, რომ ლიეტუვა ნებისმიერ საჰაერო ბუშტს ჩამოაგდებდა, რომელიც მის საჰაერო სივრცეში შეფრინდებოდა.
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მინსკში გამართულ ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ლიეტუვის მიერ საზღვრის დახურვას „აბსურდული თაღლითობა“ უწოდა.
„მათ აბსურდული მიზეზი მოიგონეს. თუ დამნაშავე ხარ, მაშინ ბოდიში ყოველთვის უნდა მოიხადო. თუ დაგვარწმუნებენ, რომ ჩვენ დამნაშავეები ვართ, მაშინ ბოდიშს საჯაროდ მოვიხდით“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.