ინა გუდავაძე ავლაბრის აღმართზე მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს – ფოტოები

თბილისში, ავლაბრის აღმართზე ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს.
არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, შპს „ალფა 2017“-ის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობებზე მიმდინარეობს რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები. გარდა ამისა, უკვე შეთანხმებულია პროექტი და მერიის მიერ გაცემულია სამშენებლო ნებართვა.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, პირველი რიგის სამუშაოები უკვე შესრულებულია, დარჩენილი სამუშაოების შესრულებას კი 30 თვე დასჭირდება.
„სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო ობიექტი მდებარეობს ქ. თბილისში, ავლაბარში, დუტუ მეგრელის #1-ში, ბარათაშვილის ქუჩის გადაკვეთაზე. კომპლექსის სტატუსი, რომელიც შედგება 2 ბლოკისაგან არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. კვლევის დასკვნით კომპლექსი აშენებულია ნაწილობრივ სილიკატური აგურით და დაყრდნობილია გამოფიტულ არგელიტების და ქვიშაქვის მორიგეობაზე. გადახურვა მოწყობილია ხის კონსტრუქციებზე. კომპლექსი ავარიულია, აქვს ბზარები და განიცდის დეფორმაციას. დღეისათვის პირველი რიგის სამუშაოები შესრულებულია.
ექსპერტის მოსაზრებით „გამოკვლეული შენობის ავარიულობის გამო, შეუძლებელია შენობის შენარჩუნება არსებული სახით და გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს კონსტრუქციული გადაწყვეტილება – რეკონსტრუქციის ფარგლებში მზიდი ელემენტებისა და კონსტრუქციების გადაწყობა მათი აღდგენის პირობით და მათი მოწყობა თანამედროვე სეისმური ნორმებით მისაღებ საძირკვლებსა და კონსტრუქციულ სისტემაზე.“ – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
შპს „ალფა 2017“-ის 100%-იანი წილის მფლობელი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე ინა გუდავაძეა, კომპანიის დირექტორი კი მიხეილ მენთეშაშვილი.