პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი ფიქრობს, რომ საპატრიარქომ გადაწყვეტილება მატრონა მოსკოველის ხატზე, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, ხელისუფლების “რჩევით” მიიღო. ამის შესახებ ის ფეისბუკში წერს.
“ნათელია, რომ საპატრიარქომ დაიცვა სიმშვიდე და ამიტომ გვეუბნება, რომ სტალინის ეპიზოდი უნდა შეიცვალოს… ჯერ ერთი, რომ ეს გადაწყვეტილება საპატრიარქომ ხელისუფლების “რჩევით” მიიღო და მეორე – ამიერიდან კოლექტიური ფერაძეები უფრო მეტ თავხედობას გამოიჩენენ”, – აცხადებს ინაშვილი.
დღეს, 11 იანვარს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და მატრონა მოსკოველის ხატის შემწირველებს მოუწოდა, შეცვალონ ხატზე გამოსახული სტალინთან შეხვედრის ეპიზოდი. პრესსამსახურის ინფორმაციით, თუ შემწირველი არ შეცვლის ამ ფრაგმენტს, საპატრიარქო ამას თავად გააკეთებს.
საპატრიარქომ მიზეზი ასე განმარტა: რუსეთის ეკლესიას იოსებ სტალინის წმინდა მატრონასთან შეხვედრა, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ შეუტანია “მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში”.
ხატის ერთ-ერთი შემწირველი არის სწორედ ირმა ინაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მისთვის მისაღებია საპატრიარქოს პოზიცია: “თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!”
ინფორმაცია ხატზე, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიცაა გამოსახული, ფეისბუკში რამდენიმე დღის წინ გაავრცელა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ.
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს თქვა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.
პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი ფეისბუკვიდეოში, რომელიც თავის პირად გვერდზე 7 იანვარს, საღამოს გამოაქვეყნა, ადასტურებს, რომ რუსი წმინდანის ხატი, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიც არის გამოსახული, სამების საკათედრო ტაძარს მან შესწირა. იმავეს ამბობს ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მისი პარტიის წევრი დავით თარხან-მოურავი.
9 იანვარს კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს. იმ დროს ხატი ტაძრის ცენტრალური შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს, ნაკლებად გამოსაჩენ ადგილზე იყო. რამდენიმე საათში ხატი გაწმინდეს. გუშინ, 10 იანვარს დილით კი, იგი თვალსაჩინო ადგილზე განათავსეს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ საღებავი ხატს სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ შეასხა. “ხატის შეურაცხყოფის” გამო 10 იანვარს მის სახლთან აქცია გამართა ძალადობრივმა ჯგუფმა, რომელიც “ალტ-ინფოს” მოწოდებით შეიკრიბა. აქციაზე ისინი შეურაცხყოფას აყენებდნენ არა მხოლოდ ნატა ფერაძეს, არამედ იქ მომუშავე ჟურნალისტებსაც.
საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. საზოგადოება „მემორიალის“ მონაცემებით, საუბარია სულ ცოტა 12 მილიონ ადამიანზე, თუმცა გულაგის ისტორიის მუზეუმის შეფასებით, ეს რიცხვი 20 მილიონამდე აღწევს. სტალინური “დიდი წმენდის“ ყველაზე უარეს წლებში, 1937-სა და 1938-ში, სტალინის საიდუმლო სამსახური დღეში ათასზე მეტ ადამიანს ანადგურებდა, მათ უმრავლესობას – დახვრეტის გზით. 30-იანი წლების სტალინური რეპრესიების მძლავრმა ტალღამ გადაუარა საქართველოსაც, სადაც იშვიათია ოჯახი, რომლიდანაც არავინ გადაასახლეს, დააპატიმრეს ან დახვრიტეს. სსრკ-ში დაახლოებით 3,5 მილიონი ადამიანი იქნა რეპრესირებული ეროვნული ნიშნით.