ინაუგურაციის შემდეგ ტრამპმა $100 მილიონის ობლიგაციები შეიძინა

ინტერნეტში გამოქვეყნებული ფინანსური დოკუმენტების თანახმად, მას შემდეგ, რაც იანვარში -ის პრეზიდენტი მეორე ვადით ოფიციალურად გახდა, მან $100 მილიონზე მეტი ღირებულების კერძო კომპანიების, სახელმწიფო თუ მუნიციპალური ობლიგაციები შეიძინა. გავრცელებული დოკუმენტების თანახმად, აშშ-ის მილიარდერმა პრეზიდენტმა 21 იანვრის შემდეგ ამ მიმართულებით 600-ზე მეტი ფინანსური ტრანზაქცია განახორციელა.
დონალდ ტრამპის ფინანსური დოკუმენტაცია აშშ-ის სამთავრობო ეთიკის ოფისმა გაავრცელა. აღნიშნულ სააგენტოს ანტიკორუფციული ორგანოს დანიშნულება აქვს. ის აშშ-ის მთავრობის წევრებისა და საჯარო მოხელეების უკანონო ფინანსურ ქმედებებს იკვლევს. ოფისის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტაცია თითოეული შესყიდვის კონკრეტულ მოცულობას არ ასაჯაროებს და მხოლოდ საერთო მაჩვენებლით შემოიფარგლება.
დონალდ ტრამპმა ისეთი კორპორაციების ობლიგაციები შეისყიდა, როგორებიცაა: Citigroup-ი, Morgan Stanley, Wells Fargo, Meta, Qualcomm-ი, The Home Depot-ი, T-Mobile USA და UnitedHealth Group-ი. გარდა ამისა, მის პორტფელში მრავლადაა ისეთი სახის ობლიგაციები, რომლებიც ქალაქებმა, შტატებმა, უფრო მცირე ზომის დასახლებებმა, სასკოლო ოლქებმა და სხვა ემიტენტებმა გამოუშვეს.
საინტერესოა, რომ, ფინანსური ანალიტიკოსების შეფასებით, აქტივები ისეთ სექტორებსაც მოიცავს, რომელთაც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-ის პოლიტიკის ცვლილებით შეეძლებათ სარგებლობა. დარგის ექსპერტების მოსაზრებით, ფინანსური დერეგულაციის ან კონკრეტული რეგულაციების მიღების შემთხვევაში ტრამპს შეუძლია, აღნიშნული კორპორაციების ფინანსური მაჩვენებლები გააუმჯობესოს.
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ დონალდ ტრამპი მისი საინვესტიციო პორტფელის შესახებ სავალდებულო ხასიათის ფინანსურ დოკუმენტებს მუდმივ რეჟიმში აწვდის შესაბამის ორგანოებს. თუმცა არც ის და არც მისი ოჯახის წევრები აღნიშნული ობლიგაციების არც არჩევაში და არც განკარგვაში მონაწილეობას არ იღებენ. ტრამპის სახელით აღნიშნულს მესამე პირი, უცნობი საინვესტიციო კომპანია ახორციელებს.
წყარო: forbes.ge