“იმ ღამესვე ცდილობდნენ დავერწმუნებინე, რომ ბავშვი თავისით დაიხრჩო” – რას ამბობს 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედა

მტკიცებულებების განადგურების ფაქტზე, 12 წლის ანა იანუშაიტიტეს საქმის არსებითი განხილვა დაიწყო საქალაქო სასამართლოში.
პროცესს ბრალდებული, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი დავით გრიგოლიაც ესწრება.
ის ბრალს არ აღიარებს და არც კომენტარს აკეთებს. პროცესზეა 12 წლის გოგონას დედაც, რომელიც მედიასთან, ამბობს:
“თავიდან, იმ ღამესვე, არასწორად იყო დაყენებული პრიორიტეტები. ცდილობდნენ დავერწმუნებინე, რომ ბავშვი მოიწამლა და თავისით დაიხრჩო და ამის გამო, პირველივე ღამეს და შემდგომ, როდესაც ითვლება, რომ არის ცხელი კვალი, ძებნა სწორად არ მიმდინარეობდა. ჩემი ქალიშვილის ანაწმენდები გაანადგურა სწორედ ექსპერტმა. მან არ აიღო სწორად… მაინც ველოდები, რომ სასამართლო მას დამნაშავედ ცნობს.”
ოჯახის ადვოკატის თქმით, დაობებული მტკიცებულებები ჰააგაში გადაიგზავნა და ახლა საერთაშორისო ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს სავარაუდო დამნაშავის დნმ.
შეგახსენებთ, რომ ანა იანუშაიტიტე 2023 წლის 16 მარტს, ღამით დიდ დიღომში გაუჩინარდა. 17 მარტს გოგონა დაღუპული იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნით, 12 წლის ანას სხეულზე 39 დაზიანება, სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები აღენიშნებოდა.
პროკურატურამ 2023 წლის ოქტომბერში ექსპერტს თავდაპირველად ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე წარუდგინა, 2024 წლის 9 იანვარს, პროკურატურამ ბრალი დააზუსტა და 370-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გადააკვალიფიცირა, რაც გულისხმობს მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას, რაც ექსპერტის მიერ გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობაში გამოიხატა. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახით, ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ექსპერტს, აღკვეთის ღონისძიების სახით, შეფარდებული აქვს გირაო 2500 ლარის ოდენობის.

ასევე დაგაინტერესებთ