“იმ დღეს დედის დახრჩობა პირველად სცადა…” – რას წერს დინა მირცხულავა

მწერალი, დინა მირცხულავა, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს, წერს:
#დარლინგ
მალე მეორე კვირას ჩავამთარებ პედოფსიქიატრიის სერვისში. დღის ბოლოს პაციენტების ნათითურებით დასვრილ ხალათს ვიხდი და სამრეცხაოში ვტოვებ. ასევე, ვტოვებ დერეფანში ნერვიულად მოსიარულე ბავშვებს. ვტოვებ -საწოლზე ხელებით მიბმულებს. სქელი მინის მიღმა ცხვირით მოკრულებს. გისოსებზე ხელებჩაბღაუჭებულებს… – დარლინგ, კარებზე ბრახუნს, თუ არ მორჩები დღეს ათწუთიან გასეირნებას გაგინულებ – მაღალი, გამხდარი ბიჭია პედოფსიქიატრი პიერი. – რა არის მისი დიაგნოზი ?! – თითქმის ჩურჩულით ვეკითხები პიერს. მოსვლის დღიდან ჩემი ინტერესის ობიექტია დარლინგი. თეთრი, ბუთქუნა შესახედაობით და შავი, მსხვილი კულულებით. დარლინგის დოსიეში იკითხება, რომ სკოლაში თანაკლასელი დაჭრა, დედას ახრჩობდა, პოლიციელს აფურთხა და უამრავი სხვა რამ არის ჩამოთვლილი. – იცი, ასე პატარებში დიაგნოზის დასმა არ ხდება, ვინაიდან მას მთელი ცხოვრება წინ აქვს და შეუძლია, შეიცვალოს ადამიანის დინამიურობიდან გამომდინარე, ამიტომ ახლა თუ დავუშვათ და ცალსახად დავსვით დიაგნოზი, რომ ფსიქოპატია – მთელი ცხოვრება გაყვება ეს. შენ თუ გინდა შენი პრაქტიკის დღიურში ჩაწერე ფსიქოპატი, ოღონდ ბრჭყალებში. – ჰო, ის მხოლოდ თექვსმეტი წლისაა – გამახსენდა, რომ ცოტა ხნის წინ ჰქონდა დაბადების დღე და მამამ ტორტი მოუტანა და იმ დღეს მამას ბევრჯერ აკოცა დარლინგმა, დედას – არცერთხელ. – ჰო, მართლა, ხვალ დარლინგის შემდგომი მხარდაჭერის განსახილველად ვიკრიბებით და თუ გინდა დაესწარი – შუა დერეფნიდან მოტრიალდა პიერი. *** ნახევარ საათზე მეტ ხანს უკითხავდა პიერი დარლინგის ისტორიას თორმეტი კაცისგან შემდგარ აუდიტორიას. ცამეტი წლის ასაკში დარლინგის უსაყვარლეს ბებოს სიმსივნე დაუდგინდა და ვინაიდან ოთხმოცდაათ წელს იყო მიტანებული, ოჯახმა მისი ჩართვა “ტკბილი სიკვდილის” პროგრამაში გადაწყვიტა. და იმ დღეს დარლინგმა დედის დახრჩობა პირველად სცადა. ერთი კვირის მერე კლინიკიდან გაწერილმა დარლინგმა სახლში ყველაფერი დალეწა და პოლიცია თვითონ გამოიძახა. და აგერ მესამე წელია დარლინგი ფსიქიატრიის კედლებს ხან მუშტებს ურტყამს და ხან თავს. ხანდახან დარლინგს საწოლზე ერთი ხელით მიაბამენ, ხან ორივეთი. კვირაში ერთხელ მოდის მამა აბანავებს და ფრჩხილებს აჭრის, დარლინგი დაჭრილ ფრჩხილებს აგროვებს და დერეფანში მდგარ მიწით სავსე ქოთანში, სათითაოდ არჭობს, სადაც რატომღაც ყვავილს ვერ გაუხარია. ამ დროს ისეთი სახე აქვს დარლინგს, თითქოს იმისთანა საქმესაა შეჭიდებული, სხვას რომ არ შეუძლია და მარტო მას გამოსდის. ბოლო სიტყვა პიერმა ამ სიტყვებით დაასრულა – C’est bizarre, mais … (ეს უცნაურია, მაგრამ…) “უცნაურში” იგულისხმებოდა, რომ ასეთი მიჯაჭვულობა ბებოსთან ეს არანორმალურია. და თერთმეტივე სხვადასხვა დარგის სპეციალისტმა დაუდასტურა, რომ ეს ნამდვილად დიდზე დიდი უცნაურობაა. რომ ასეთი სიყვარული ეს არის დაავადება და არა ადამიანისთვის დამახასიათებელი ჰუმანური აქტი. გრძელი მაგიდის ბოლოში ვიჯექი და მე ერთადერთი ვიყავი, რომელსაც ასეთი სიყვარული არ მეუცნაურებოდა. დარლინგის ბიოგრაფიაში იმდენი უცნაურობა იყო, მაგრამ მე ეს მიჯაჭვულობა და არაამქვეყნიური სიყვარული ნორმად მიმაჩნდა. ალბათ იმიტომ რომ იმ ქვეყნიდან ვარ, სიყვარულით რომ გიჟდებიან. თვალწინ ძვლებამდე გამდნარი ბებიაჩემის ხატებამ ჩამიარა და მისი ზურგზე გახუნებული შავი კაბის ფრიალი ბინდივით გადამეკრა თვალებზე. იმ კაბის, ჩემი ბავშვობის ნათითურები რომ ჩამოიფერხა კალთიდან და ვიწრო ორღობისკენ გადენა დასამარხად…
უცნაური ისაა, მე რომ მაშინ არ გავგიჟდი…..

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – პრინციპული და საკვანძო მნიშვნელობისაა, მივიდეთ 26 ოქტომბერს არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ ქვეყნის ღირსეულ მომავალს, მშვიდობის შენარჩუნებას და კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებას

ირაკლი კობახიძე – თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ინვესტიციები ჩაიდება ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში – მომდევნო წლებიში 1000-ზე მეტი სამხედრო დაკმაყოფილდება ბინებით