იმპორტირებული სიგარეტი სავარაუდოდ, მინიმუმ 50 თეთრით გაძვირდება – ZTN Consulting

2026 წლის 1-ელი იანვრიდან იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის განაკვეთი კოლოფზე 85 თეთრით იზრდება. შედეგად, 2.75 თეთრი გახდება. ამასთან ერთად, ადგილობრივი წარმოების სიგარეტზე აქციზის განაკვეთი, რაც ამჟამად იმპორტულის თანაბარია და 1.9 ლარს შეადგენს, 1.3 ლარით განისაზღვრება.
როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში ZTN Consulting-ის დამფუძნებელი ზვიად სხვიტარიძე განმარტავს, ეს ცვლილება იმპორტირებულ თამბაქოსა და ადგილობრივ წარმოებას არათანაბარ პირობებში აყენებს.
„ეს არის აბსოლუტური უპირატესობა და ძალიან დიდი შეღავათია ადგილობრივი წარმოებისთვის, რასაც რა თქმა უნდა, არც ერთი ევრორეგულაცია არ ითვალისწინებს. ამით მთლიანად შეიცვლება ბიზნეს გარემო ინდუსტრიაში, რაც ერთი მხრივ, დააზარალებს სახელმწიფოს, რადგან აქციზის რადიკალური ზრდა პირდაპირ გაზრდის არალეგალურ ვაჭრობას.
საბოლოო ღირებულების შემთხვევაში, ზრდა მინიმუმ 50 თეთრიანი იქნება, ცალკეულ ბრენდებზე შესაძლოა, 60-70 თეთრიც იყოს. ამის საპირისპიროდ, ადგილობრივი წარმოების თამბაქო შეიძლება არ გაიაფდეს და იმავე ნიშნულზე დარჩეს, რადგან საფასო პოლიტიკას თუ გადავხედავთ, კონკრეტულად თამბაქოზე ფასების შემცირება არასოდეს მომხდარა, ხდება მხოლოდ კონკრეტული ფასის გაყინვა“, – აცხადებს ზვიად სხვიტარიძე.