იმპორტირებული საზამთროს გამო, შარშან, 500 ტონამდე მოსავალი გასაყიდი დამრჩა – ფერმერი

ფერმერი, გია ჩახვაშვილი BM.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ იმპორტირებული საზამთროს გაზრდილმა მოცულობამ ადგილობრივ ბაზარზე მის მეურნეობას სერიოზული ფინანსური ზიანი მიაყენა.
მისი თქმით, ფერმერს საზამთრო კახეთში, 20ჰა-ზე აქვს გაშენებული. შარშან ფერმერს 500-600 ტონა საზამთრო გასაყიდი დარჩა, რაც პირდაპირ უკავშირდება იმპორტირებული პროდუქციის დომინირებას ქართულ სავაჭრო ქსელებში.
„მარკეტებში, დახლებზე იმპორტირებული საზამთრო უდევთ. არადა, უმაღლეს დონეზე ვაკეთებთ ყველაფერს, ბიო პროდუქტებით. თანხა, რაც მქონდა დახარჯული, ამოვიღე, პლუს მუშების ხელფასები გადავიხადე, ხარჯები გავისტუმრე. თუმცა მოგება ვერ მივიღე,“ – განმარტავს ჩახვაშვილი.
ფერმერი აცხადებს, რომ კარგი იქნება სუბსიდირების პროგრამების გავრცელება საზამთროზეც, როგორც ეს სხვა ხეხილოვან კულტურებზე ხდება. მისი მოსაზრებით, სახელმწიფო მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაზრდის ადგილობრივი ბიოპროდუქციის კონკურენტუნარიანობას და გააძლიერებს რეგიონში აგროეკონომიკურ მდგრადობას.
ინფორმაციისთვის, წელს საზამთროს იმპორტი გაზრდილია. კერძოდ, იანვარ-აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში უკვე იმპორტირებულია 1040 ტონა საზამთრო, რაშიც 324 420 დოლარი გადავიხადეთ. 2024 წლის ანალოგიური პერიოდში კი, საქართველოში 271 160 აშშ დოლარის 805 ტონა საზამთრო შემოვიდა. თითქმის მთელი იმპორტი ამ პერიოდში ირანზე მოდის. მცირე ნაწილი კი ნიდერლანდებსა და თურქეთზე.
რაც შეეხება გასული წლის ჯამურ მონაცემებს, 2024 წელს საქართველომ $2,4 მლნ-ის ღირებულების 7,737 ტონა საზამთრო შეიძინა, მაშინ როდესაც 2023 წელს, ქვეყანას 11,845 ტონა საზამთრო ჰქონდა შეძენილი, რომელშიც $3,5 მლნ გადაიხადა. აღნიშნული მონაცემებით დგინდება, რომ გასულ წელს საზამთროს იმპორტი საქართველოს 34.6%-ით შეუმცირდა.