იმის დასადგენად ამორტიზებულია თუ არა „დინამო არენა“, დეტალური ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს – რომან ფიფია

„იმისთვის, რომ დადგინდეს, ამორტიზებულია თუ არა „დინამო არენას“ პირველი იარუსის ნაწილი, აუცილებელია, ჩატარდეს დეტალური ექსპერტიზა…“, – ამის შესახებ დინამო თბილისის“ პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ამბობს, რომ „დინამო არენა“ „ამორტიზებულია“, „დინამო თბილისის“ პრეზიდენტი რომან ფიფია მას არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ ეს საკითხი ექსპერტიზამ უნდა გაარკვიოს.
„დინამო ისტორიული ადგილია, ამიტომ რომელიმე კერძო პირის ან მთავრობის ინტერესებიდან გამომდინარე, სტადიონისთვის „არასაჭირო“ სტატუსის მინიჭება არარეალური მგონია“, – ამბობს რადიო თავისუფლებასთან რომან ფიფია.
ბიზნესმენი, რომელმაც ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი სახელმწიფოსგან 49-წლიანი იჯარით 2011 წლის აგვისტოდან აიღო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას „ამორტიზებულ დინამოსთან“ დაკავშირებით, რადიო თავისუფლებასთან წერილობით გამოეხმაურა.
ფიფია წერს, რომ მე-6 და მე-7 სექტორებს შესაძლოა, გარკვეული პრობლემა მართლაც ჰქონდეს; პირველი იარუსი გასული საუკუნის 30-იან წლებშია აშენებული, მეორე კი შედარებით ახალია. მისი მშენებლობა 1978 წელს დასრულდა.
„ეს ორი ნაგებობა ერთმანეთისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელია, რაც ნიშნავს, რომ პირველი იარუსის პრობლემის არსებობის შემთხვევაშიც კი, მეორე იარუსის გამოყენება სრულიად უსაფრთხოა“, – განმარტავს ფიფია და ამატებს, რომ ამ იარუსზე სამხარაულის ბიუროს „დეტალური ექსპერტიზა“ არ ჩაუტარებია, დღემდე არსებული დასკვნები „მხოლოდ ზედაპირული დათვალიერების შედეგია“.
წყარო: რადიო თავისუფლება

ასევე დაგაინტერესებთ