რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციების დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა ისაუბრა და რეფერენტული ფასწარმოქმნის რეფორმის მედიკამენტების ბაზარზე გავლენა შეაფასა. მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნულმა რეფორმამ დადებითი შედეგი მოიტანა ფასებზე, თუმცა მნიშვნელოვანია წამლების ხელმისაწვდომობა, რომელიც ორი კომპონენტისგან შედგება, ესენია: ბაზარზე ამ წამლების ფიზიკურად ყოფნა და მათი ფასი.
„ფასის კომპონენტი შეიცვალა, ამოქმედდა პირდაპირი შესყიდვების თემა, დაემატა გარკვეული ცვლილებები სახელმწიფო დაფინანსების მიმართულებით, დაფინანსდა სხვადასხვა პროგრამები, ამოქმედდა პირდაპირი შესყიდვების თემა. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებების კომპლექსი გვაქვს, რომელსაც მთლიანობაში ჩვენი ასოციაცია ვაფასებთ დადებითად, თუმცა მეორე საკითხი არის ის, რომ განხორციელებაში გვაქვს გარკვეული ხარვეზები.
პარალელური იმპორტის სიის გაზრდამ თურქეთის ჩათვლით, მედიკამენტების ფასებზე კონკურენტუნარიანობა გაზარდა, მაგრამ ეს არის შედეგის მალე მომტანი, თუმცა არა გრძელვადიანი, ამიტომ ჩვენ უნდა ავაშენოთ სისტემა, რომელიც მოგვცემს იგივე ხელმისაწვდომობას რაც თურქეთში, ან რომელიმე სხვა ქვეყანაშია.“ – აღნიშნა ირაკლი მარგველაშვილმა.
მარგველაშვილის განმარტებით, საქართველოში მედიკამენტების რეგულირება არ ხდებოდა. 2009 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ რაც საქართველოში იყო კანონი ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ , სფერო დაურეგულირებელია.
„პროცესები ცალსახად დადებითია, თუმცა ხარვეზები და პრობლემები არის, ამიტომ ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ რისკების მობილიზაცია.
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა არა მხოლოდ ფასის დაწევით, არამედ ფიზიკურად უნდა გაიზარდოს, თურქეთში ეს ყველაფერი მაღალი დონის სახელმწიფო დაფინანსებაზეა აგებული, არის დიდი ფარმაცევტული ბაზარი, თურქეთის მოსახლეობის დაფარვა მსოფლიოში საუკეთესოა. ჩვენ არ შეგვიძლია მისი ზუსტად კოპირება, რადგან არც რესურსი გვაქვს და არც ამხელა მოსახლეობა გვყავს, თუმცა გარკვეულ კომპანიებთან მოლაპარაკება, განსაკუთრებით იმ ნაწილში სადაც საუბარია ინოვაციურ, ძვირ ახალ და ისეთ მედიკამენტებზე სადაც საპატენტო უფლებებზეა საუბარი შესაძლებელია და ეს ონკოპაციენტებსაც ძალიან დაეხმარება“ – აღნიშნა ირაკლი მარგველაშვილმა.
მარგველაშვილის განმარტებით მართალია სახელმწიფო დაფინანსებამ მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაზარდა, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორი არ დაზარალდეს რადგან სისტემა კერძო სექტორის გარეშე ვერ იმუშავებს, და მხოლოდ სახელმწიფო ვერ ხდება პროვაიდერი.
„მნიშვნელოვანია , რომ სახელმწიფო კერძო სექტორთან კომუნიკაციაში ჩაერთოს, ჩვენ სახელმწიფოსთან გვაქვს კომუნიკაცია, თუმცა რესურსები არის შეზღუდული, ზოგჯერ გადაწყვეტილებების მიღებას სწრაფად მომზადება და კონსულტაციების სჭირდება. ეს ა რის პროცესი რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და მედიკამენტებზე დეფიციტი შევამციროთ. იმისათვის, რომ მედიკამენტებზე დეფიციტი არ შეიქმნას, საჭიროა სტატისტიკური ანალიტიკა, რომელიც გვაკლია. ჩვენ შევიტანეთ ასეთი წინადადება სამინისტროში, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მაშინ როდესაც მარაგები არის ქვეყანაში,. ხდება თუ არა პარალელურად მოლაპარაკებები ახალ შეკვეთაზე, ჩვენ უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ ის თუ რა მარაგები გვაქვს ქვეყანაში, არამედ ისიც, თუ რა მოლაპარაკებები მიმდინარეობს შემდეგი მარაგებისთვის“ – აღნიშნა ირაკლი მარგველაშვილმა.
