ქვევრის საწარმოს „ქვევრულა“ გენერალური დირექტორი, ილია გურული BM.GE-სთან ქვევრის სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბაზარზე იმერულ ქვევრზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად არის შემცირებული.
საწარმო ჭიათურაში, კერძოდ სოფელ მანდაეთში მდებარეობს და 2 წლის წინ გაიხსნა. მის ასამუშავებლად, კომპანიამ ჯამში 5 მლნ ინვესტიცია ჩადო.
გურულის შეფასებით, შემცირების მიზეზი შესაძლებელია ქვეყანაში არსებული მდგომარეობამაც იყოს.
„გაყიდვები ფაქტობრივად გასული წლის მსგავსია. მომხმარებლები ძირითადად მოდიან, ნახულობენ და მიდიან. თუმცა, უკან აღარ ბრუნდებიან საყიდლად.იქიდან გამომდინარე, რომ იურიდიული პირი ვართ, ჩვენი ფასი სხვებისგან განსხვავებულია, რადგან განსხვავებული ფასი გვაქვს. შესაბამისად, ურჩევნიათ, რომ შედარებით ნაკლები ფასი გადაიხადონ. ფასები ქვევრის ტიპზეა დამოკიდებული.
ჩვენი მომხმარებლები ძირითადად ადგილობრივები, მცირე ფერმერები არიან. ადრე საექსპორტო ბაზრებიდან, კერძოდ ესპანეთიდან და იტალიიდან იყო დაინტერესება, თუმცა წელს ესეც შეჩერებულია. ზოგადად გაყიდვები ბაზარზე შემცირებულია, რაც ალბათ ქვეყანაში არსებული სიტუაციითაა განპირობებული.
კადრების პრობლემა არ გვაქვს. მოთხოვნის მიხედვით რამდენი ადამიანიც იქნება, იმდენ ადამიანს დავასაქმებთ. მთავარია მოთხოვნა გაიზარდოს. ამ ეტაპზე, 5 ადამიანი გვყავს ძირითადად დასაქმებული. განვითარებას რა თქმა უნდა ვაპირებთ. გვინდა, რომ მეტი შედეგები დავდოთ, თუმცა რატომღაც ბაზარი გაჩერებულია. სავარაუდოდ, შეიძლება უკვე არის ის ქვევრების რაოდენობა და ასევე აღარ გახსნილა ახალი მარნები იმისათვის, რომ ქვევრზე მოთხოვნა გაჩნდეს“,- ამბობს ილია გურული.
აღსანიშნავია, რომ საწარმომ ცოტა ხნის წინ პლატფორმა, Qvevrula.Ge შექმნა, რომელიც ამჟამად სატესტო რეჟიმში მუშაობს. „ქვევრულა“ გენერალური დირექტორის შეფასებით, ამ ეტაპზე პლატფორმაზე რაიმე გამოკვეთილი შედეგები არ ფიქსირდება, რაც ისევ და ისევ შემცირებულ მოთხოვნას უკავშირდება.