იმერეთის გუბერნატორი ადასტურებს, რომ მეწყერში მამა და მისი 3 შვილია მოყოლილი

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე ადასტურებს, რომ სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მიწის მასის ქვეშ არასრულწლოვანი ბავშვებიც არიან მოყოლილი. ამის შესახებ ზვიად შალამბერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

კერძოდ, მან განმარტა, რომ მიწის მასის ქვეშ მოყოლილთა შორის არის მამა და მისი სამი შვილი.

გარდა ამისა, აღნიშნა, რომ სტიქიის ზონაში დილიდანვე მუშაობდნენ გეოლოგები. მისივე თქმით, ექსპერტები განმარტავენ, რომ ნამდვილად უბედური შემთხვევა მოხდა და წარმოუდგენელი იყოს რაიმეს პროგნოზირება.

„დილიდანვე მუშაობენ აქ გეოლოგები. აცხადებენ, რომ წარმოუდგენელი იყოს რაიმეს პროგნოზირება ამ ტერიტორიაზე. ეს იყო ნამდვილად უბედური შემთხვევა, გამოწვეული იმ ძალიან დიდი ნალექით, რომელიც ამ 2 დღეში მოვიდა იმერეთში, განსაკუთრებით ბაღდათში. ბაღდათი და ვანია ის ორი მუნიციპალიტეტი, სადაც ყველაზე მეტი ნალექი მოვიდა, ამან გამოიწვია სტიქიური მოვლენები, რომელიც გუშინ განვითარდა“,- აღნიშნა შალამბერიძემ.

მისივე თქმით, ადგილზე კვლავ მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.

„ძალიან დიდი მასაა, რამდენიმე მილიონი კუბური მეტრია ჩამოსული. 200 მეტრის სიგრძეზეა გზა გადაკეტილი“,- აღნიშნა შალამბერიძემ.

ცნობისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. სტიქიის ზონაში ოთხი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, ამასთან, მიმდინარეობს 5 პირის ძებნა-შველის სამუშაოები.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლომჯარია: წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატის პლაკატის დაზიანების საკითხზე პასუხისმგებლობას არეგულირებს საარჩევნო კოდექსი (არა სისხლის კოდექსი) და მისთვის გათვალისწინებულია 1000 ლარიანი ჯარიმა

ჯო უილსონი – „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ავტორიტარული კონტროლის ლაბორატორიად აქცია – განვიხილავთ, რა ინსტრუმენტები აქვს აშშ-ს საპასუხოდ, რათა პასუხი აგებინოს, ამავდროულად მყარად დაუდგეს გვერდით ქართველ ხალხს