“იმედს გამოვთქვამ, რომ სულ მალე იხილავს ციხის კედლებს” | საქალაქოში რესპუბლიკურის ექიმის აღკვეთზე მსჯელობენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში რესპუბლიკური საავადმყოფოს ბრალდებული ექიმის აღკვეთზე მსჯელობენ. პროკურატურა გირაოს შეფარდებას ითხოვს. საუბარია 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე.
“იმედს გამოვთქვამ რომ ეს ქალბატონი, რომელიც დღეს აქ არის და სავარაუდოდ დაჯდება საბრალდებო სკამზე, სულ მალე იხილავს ციხის კედლებს. მე ამ საქმეს თავს შევაკლავ და აუცილებლად დავდებ მტკიცებულებას” ამბობს გარდაცვლილის მამა.
პროკურატურამ, პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს ბრალი გუშინ წარუდგინა.
საგამოძიებო უწყება ამტკიცებს, რომ ექიმმა არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დანიშნა, რამაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა და მისი გარდაცვალება გამოიწვია.
პროკურატურამ ექიმს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარუდგინა.