“იმედი მაქვს, ნაყოფიერი იქნება” – პარლამენტში 9 პუნქტზე პირველი შეხვედრა დაიწყო

ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში პირველი სამუშაო შეხვედრა დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარის, ს თქმით, “მივყვებით იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც დამტკიცდა ევროპასთან ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ”. პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ სამუშაო ფორმატში ჩართული იქნება როგორც ოპოზიცია, ისე სამოქალაქო სექტორი.
“ჩვენი დღევანდელი დღის წესრიგი ითვალისწინებს ყველა იმ საკითხის განხილვას, რომელიც ცხრა ნაბიჯიდან გამომდინარეობს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ვფოკუსირდებით იმ საკითხებზე, რომლებიც პარლამენტის კომპეტენციაშია, ვინაიდან იცით, რომ ცხრა ნაბიჯიდან, განსხვავებით 12 რეკომენდაციისგან, მხოლოდ ნაწილი არის ისეთი საკითხები, რომლებიც პარლამენტის კომპეტენციაა კანონშემოქმედებით ნაწილში, ხოლო დიდი ნაწილი პრაქტიკასთან არის დაკავშირებული, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ნაყოფიერი შეხვედრა გვექნება, ისევე როგორც 12 ნაბიჯთან დაკავშირებით, დღესაც ეს არის ისეთი ფორმატი, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა, საკუთარი იდეები, მოსაზრებები, პოზიციები დააფიქსიროს“, – თქვა პაპუაშვილმა.
შეხვედრას ესწრებიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, გირჩის და ხალხის ძალის წევრები.
რამდენიმე დღის წინ, ჩვენ გვქონდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა, წარვუდგინეთ ჩვენი გეგმა, ასევე ვაპირებთ ჩვენი გეგმის წარდგენას ამ სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ვნახოთ, დღეს ტარდება პირველი შეხვედრა და შეხვედრის შემდეგ ალბათ მექნება უფრო მეტი საშუალება, გავაკეთო კომენტარი, სურს თუ არა ნამდვილად ქართულ ოცნებას და ხელისუფლებას იმ მიმართულებით იმოძრავოს, რა მიმართულებაც სჭირდება ჩვენს ხალხს და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს” – ამბობს ენმ-ის წევრი დავით კირკიტაძე.
შეხვედრაში მონაწილეობს დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდიაც.
“უმეტესობა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების ესწრება ამ შეხვედრას, შესაბამისად, განსხვავებული იქნება წელს ეს ყველაფერი, მე პირადად, ვიქნები ამ შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, ჩემთვის საინტერესოა, როგორ ხედავს ქართული ოცნება და თუ რაიმე პოლიტიკური ნება მაინც არსებობს გარკვეული ცვლილებების” – თქვა აქუბარდიამ.
14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა და 9 რეკომენდაცია მისცა.