“იმედი” თავისივე ტექნიკური ხარვეზის გამო გაითიშა – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომელმაც “ტვ იმედის” გათიშვის საქმის გამოძიება თავის თავზე აიღო, განცხადება გაავრცელა:
ტელეკომპანია “იმედის” და ჰოლდინგში შემავალი არხების – “მაესტროსა” და “ჯიდიესის” მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გამოძიებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს ტელეკომპანიის შიდა ერთ-ერთ ელექტრომოწყობილობაზე, რის გამოც მაუწყებლობა 45 წუთის განმავლობაში გაითიშა. გამოძიების მასალების მიხედვით დანაშაულებრივი ფაქტი არ დასტურდება. შესაბამისად, ანალოგიური საბოლოო საექსპერტო დასკვნის მიღების შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდება.
ცნობისთვის, „ტელეკომპანია „იმედის“ მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო… მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, – ეწერა სუსის განცხადებაში.სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, საბოტაჟი ასე განიმარტება: „საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა“. ამისთვის ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.