იმედი გვაქვს, გერმანიის მთავრობაში დაფიქრდნენ, რომ მოქმედი ელჩის საქართველოში საქმიანობით ხელისუფლებებს შორის ურთიერთობებში მხოლოდ სირთულეები იქმნებოდა – შალვა პაპუაშვილი
გერმანიის მოქმედმა ელჩმა, ნაცვლად იმისა, რომ მთავრობებს შორის ხიდის როლს ასრულებდეს, აირჩია კედლის როლი ჩვენს ქვეყნებსა და მთავრობებს შორის. ეს სამწუხაროა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ გერმანიის საგარეო უწყებამ ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია.
„მისი მხრიდან ვხედავდით თავდასხმებს საქართველოს ხელისუფლებაზე, მხარდაჭერას რადიკალური ჯგუფების მიმართ, რაც სამწუხარო იყო. სხვა დროსაც ვთქვი, რომ 30-წლიანი განსაკუთრებული პარტნიორობა გერმანიის ელჩის ხელში დავიდა ძალიან დაბალ ნიშნულზე. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადატვირთვის სიგნალი. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, გერმანიასთან ურთიერთობები დაბრუნდეს იქ, სადაც იმსახურებს, რომ იყოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავად ფაქტი, რომ გერმანიის ელჩი იქნა გაწვეული. დანარჩენზე სიღრმეებში აღარ შევალ. ჩვენი პოზიციები ცნობილია, მათ შორის გერმანიის ელჩის საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს საჯაროდაც არაერთხელ გვითქვამს და იმავე პოზიციებზე ვრჩებით. ამ პოზიციების არგუმენტები გვაქვს. ჩვენ კი არა, მთელი საზოგადოება ხედავდა ამ ყველაფერს. ამიტომ დეტალებს, განცხადებებს დიდად არ ჩავუღრმავდებოდი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, რომ ეს არის სიგნალი, მოხდეს გადააზრება. მნიშვნელოვანია, ელჩი ასრულებდეს ხიდის და არა კედლის როლს. ზოგადად, ვფიქრობ, ყველა ელჩისთვის უნდა იყოს კარგი მაგალითი, რათა დარჩნენ საკუთარი დიპლომატიური მისიის ფარგლებში, იზრუნონ იმაზე, რომ მათ წარმოდგენილ ქვეყანასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის იყვნენ ხიდი და არა კედელი. იმედი გვაქვს, გერმანიის მთავრობაში დაფიქრდნენ და გააანალიზეს, რომ მოქმედი ელჩის აქ საქმიანობით მხოლოდ სირთულეები იქმნებოდა ხელისუფლებებს შორის ურთიერთობებში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პირველი არხი
