„იმედი გვაქვს, გადაწყვეტილებას შეცვლიან“ – „კაფე მზიური“ მერიის პასუხს ამ დრომდე ელოდება

სოციალური საწარმო „კაფე მზიური“ კვლავ თბილისის მერიის პასუხს ელოდება.
საქმე ისაა, რომ დედაქალაქის მერიამ, 8-წლიანი მუშაობის შემდეგ, „კაფე მზიურს“ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა და მის აუქციონის წესით გასხვისებას გეგმავს.
როგორც „კაფე მზიურის“ დამფუძნებელი, ანა გოგუაძე BMG-სთან ამბობს, 24 ივნისს შეტანილ წერილზე მერიისგან პასუხი კვლავ არ აქვს. ის იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება შეიცვლება და დედაქალაქს კაფე შეუნარჩუნდება.
„ჩვენს წერილზე მათი მხრიდან პასუხის ვადა 24 ივლისს გავიდა, გადაცილებაზეც დავაფიქსირეთ განაცხადი, თუმცა მერიისგან არანაირი კომუნიკაციაა არაა.
იმედი მაქვს, ეყოფათ გონიერება და ქალაქს შეუნარჩუნებენ ამ კაფეს, არსებული კონცეფციით და არა ისე, როგორც მერია ამბობს, რომ ჩვენი კონცეფცია უნდა ავიღოთ და სხვას გადავცეთ. ეს ჩვენი კონცეფცია და საქმიანობაა, რომელზეც გვეუბნებიან, რომ უნდა შევწყვიტოთ“,- ამბობს ანა გოგუაძე.
“კაფე მზიურმა” ასევე მიმართა სახალხო დამცველს და ანა გოგუაძის თქმით, მოკვლევის დაწყებას ელის.
საკითხთან დაკავშირებით BMG მერიას დაუკავშირდა. როგორც დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, აუქციონი ჯერ არ გამოცხადებულა და მეტი დეტალი თვის ბოლოს იქნება ცნობილი.