უნგრეთში საქართველოს ელჩად ნიკოლოზ ლალიაშვილი დაინიშნა.
მანამდე ის ყაზახეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტს იკავებდა.
2020-21 წლებში ნიკა ლალიაშვილი „იმედის” გენერალური დირექტორი იყო. დანიშვნიდან ერთ თვეში, „იმედის” ჰოლდინგის ყოფილი ჟურნალისტების საჩივრის საფუძველზე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დაადგინა, რომ ლალიაშვილი მათ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია, რითაც მედიასაშუალების დატოვება აიძულა.
ლალიაშვილი უნგრეთში შეცვლის თამარ ლილუაშვილს, რომელიც, თავის მხრივ, იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დაინიშნა.
უნგრეთამდე ლილუაშვილი ბულგარეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა. მანამდე იყო საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო Invest in Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი და „არ ემ ჯი“ ჯგუფის დირექტორის მოადგილე.
იტალიაში საქართველოს ელჩის პოსტი რამდენიმე ხანია ვაკანტურია. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ვეკუამ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ირაკლი კობახიძემ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე განაცხადა.
თამარ ლილუაშვილი და ნიკოლოზ ლალიაშვილი ახალ პოზიციებზე საქმიანობას 1-ლი ივლისიდან დაიწყებენ.
