“იმედის”, “რუსთავი 2-ისა” და Pos TV-ის სარეკლამო შემოსავლები გაიზარდა, “მთავარი არხის”, “ფორმულის” და “TV პირველის” – შემცირდა

2023 წელს ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები გაიზარდა 13,7 მილიონი ლარით. ტელევიზიებმა ჯამში 87,4 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღეს, რაც წინა წლის შედეგებს 13,7%-ით აჭარბებს.
კომერციულ სარეკლამო შემოსავლებში იგულისხმება კომერციული რეკლამა, სპონსორობა, პროდუქტის განთავსება, ტელეშოპინგი და კომერციული განცხადებები.
კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ირკვევა, რომ ტელევიზიების ჯამური შემოსავალი მეტწილად გაიზარდა “იმედში”, “რუსთავი 2-სა” და Pos TV-ში შესული თანხის ხარჯზე. ამავე პერიოდში შეუმცირდათ შემოსავლები “ფორმულას”, “მთავარ არხსა” და “TV პირველს”.
შემოსავლები გაეზარდათ:
· “იმედს” – 8,6 მილიონით;
· “რუსთავი 2-ს” – 4,5 მილიონით;
· “პოს ტვ-ის” – 2,5 მილიონით;
· “ჯიდიესს” – 1,4 მილიონით;
· “ბიემჯის” – 1,3 მილიონით.
შემოსავლები შეუმცირდათ:
· “მთავარ არხს” – 2,2 მილიონით;
· “ფორმულას” – 0,4 მილიონით;
· “ტელეკომპანია პირველს” – 0,5 მილიონით;
· “საზოგადოებრივ მაუწყებელს” – 0,7 მილიონით;
· მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსს” – 0,03 მილიონით.
რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, 2023 წელს მათი სარეკლამო შემოსავალი 7,6 მლნ ლარამდე გაიზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ