„იმედის“ თანამშრომელზე ძალადობის საქმეზე ერთი ადამიანია დაკავებული

ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლის, 24 წლის შაკო ნათენაძის ცემის საქმეზე ერთი ადამიანია დაკავებული – გამოძიება ამ შემთხვევაზე, რომელმაც ნათენაძის სიცოცხლე იმსხვერპლა, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.
როგორც სოციალურ ქსელში ნათენაძის ახლობლებმა დაწერეს, მას უბანში ფიზიკურად გაუსწორდნენ. შაკო ნათენაძე მიყენებული დაზიანების შედეგად საავადმყოფოში 10 მაისს გარდაიცვალა და 13 მაისს დაკრძალეს. პირი კი, რომელმაც მასზე იძალადა, 7 მაისს დააკავეს.
ტელეკომპანია იმედს, რომლის დილის გადაცემაშიც გარდაცვლილი ხმის რეჟისორად მუშაობდა, მომხდარი ძალადობის ფაქტზე ინფორმაცია სრულად არ გაუვრცელებია – მათ დაკრძალვის დღეს თქვეს რომ შაკო ნათენაძე კლინიკაში თავის მძიმე ტრავმებით შეიყვანეს, ექიმებმა სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიეს, თუმცა “მან ვერ შეძლო დაეძლია ეს უდიდესი გამოწვევა.”
“მიუღებელი და ამორალურია ამ უმძიმესი სიტყაციის პოლიტიკური დღის წესრიგისთვის ან იმედზე თავდასხმისთვის გამოყენება” – ეს პოზიცია იმედის დილის ეთერში ერთ-ერთმა წამყვანმა 14 მაისის დილას გააჟღერა, მას შემდეგ რაც ხელისუფლების ღიად მხარდამჭერი ტელევიზია საზოგაოდების ნაწილმა მის თანამშრომელზე ძალადობის ფაქტის დამალვაში დაადანაშაულა.
ფორუმი