“იმედია, 90 წუთის განმავლობაში განგაშის სირენა არ ჩაირთვება” – ისრაელის ნაკრების მწვრთნელის და ფეხბურთელის პრესკონფერენცია

საქართველოს ნაკრებთან ამხანაგური მატჩის წინ პრესკონფერენციაზე, ისრაელის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა რაბ ბენ შიმონმა და ფეხბურთელმა როი რევივომ ისაუბრეს.
რან ბენ შიმონი: “ჩვენ ვიცნობთ საქართველოს ნაკრებს და ვიცით, რა ტექნიკურები არიან. ასევე ვიცით მიქაუტაძისა და კვარაცხელიას მაღალი კლასის შესახებ. იმის მიუხედავად, რომ ამხანაგური მატჩია, მას ნაკლებად ვუყურებთ, როგორც მხოლოდ ამ სტატუსის მქონეს. მოლოდინი გვქონდა, რომ საქართველოს ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებდა. ბევრჯერ ვყოფილვარ საქართველოში, თბილისს დიდი ხანია, რაც ვიცნობ. ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებისთვის, ახალი მოთამაშეებითა და ახალი ტაქტიკით. კარგი შედეგი გვსურს. საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს და გუნდი მხოლოდ კვარაცხელიას დონით არ უნდა შეფასდეს, აქ ერთი ფეხბურთელის წინააღმდეგ სათამაშოდ არ ჩამოვსულვართ”.
როი რევივო: “რთულია, ამ სიტუაციაში, რაც ჩვენი ქვეყნის ირგვლივაა, თამაშზე იფიქრო. ოჯახის წევრებზე ვნერვიულობ. იმედია, იმ 90 წუთის განმავლობაში სირენა არ ჩაირთვება და ამ თამაშით ცოტას მაინც გახალისდებიან. სექტემბრში წარმატება გვსურს, ამისთვის კი მზადება ახლავე უნდა დავიწყოთ. აქ თავს კარგად ვგრნობთ, მეგობრული გარემოა და კარგად გვიმასპინძლეს”.