იმედია, 2024 წელს საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაორმაგდება, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში სავაჭრო პალატის ბიზნესისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ვეკუამ თბილისში გამართულ საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საამისოდ ყველა პირობა არსებობს.
„ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნეს-ფორუმი იყო, მას ესწრებოდნენ საუდის არაბეთის ინვესტიციის მინისტრი და მინისტრის მოადგილეები, რაც მკაფიო სიგნალი იყო იმისა, რომ საქართველო მათთვის საინტერესოა.
ბოლო წლების განმავლობაში საუდის არაბეთში გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა, რაც აისახება პირდაპირ ციფრებზე, ორმხრივ ვაჭრობასა და ინვესტიციებზე. 2 ქვეყანას შორის 2021 წელს 70%-იანი ზრდა იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, 2023-ის პირველ 3 კვარტალში გვაქვს 213%-იანი ზრდა. 2024 წლის შედეგები, იმედია, სულ ცოტა ორმაგი იქნება, რაც იყო 2023 წელს. ძალიან ოპტიმისტურად ვრჩებით, რომ 2024 წელი იქნება რეკორდული წელი 2 ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობაში. ამის ყველა წინაპირობაა“, – აცხადებს გიორგი ვეკუა.
მისი თქმით, ფორუმზე 100-ზე მეტი ბიზნესის წარმომადგენელი იყო საქართველოდან, დაახლოებით 200-მდე ბიზნესს შეხვდნენ და 500-მდე B2B შეხვედრა შედგა. წარმოდგენილი იყვნენ კომპანიები სხვადასხვა სექტორებიდან – სამშენებლო, IT, განახლებადი ენერგიები, ტურიზმი, სავაჭრო ქსელები და ა.შ. რაც შეეხება შედეგს, გიორგი ვეკუა ამბობს, რომ ინვესტიციების ეფექტი არ არის პირდაპირი
„დღეს არავის აქვს ილუზია, რომ იქ შეხვედრების დროს დაიდო კონტრაქტები და იმ წუთშივე ინვესტიცია განხორციელდა. ეს არის პროცესი და პროცესს ხანდახან წელი და მეტიც სჭირდება, რომ პირდაპირ აისახოს ორმხრივ ურთიერთობაზე. შედეგს გავიგებთ რაღაც პერიოდის შემდეგ“, – განაცხადა გიორგი ვეკუამ.
მისი თქმით, განსაკუთრებული ინტერესი იყო სამშენებლო სექტორის, ტურიზმის, სამედიცინო ტურიზმის, წყლის, მინერალური წყლის, არაალკოჰოლური სასმელების მიმართულებით, ასევე განახლებადი ენერგიების მიმართულებით. „მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთი ნავთობით მდიდარი ქვეყანაა, მათ აქვთ 2030 ხედვის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სურთ, რომ დიდი ინვესტიცია განახორციელონ განახლებად ენერგიებში და ა.შ.“, – განაცხადა გიორგი ვეკუამ.