„იმედია, მომხმარებლები იმ რაოდენობის პროდუქციას არ შეიძენენ, რომ სურსათის მარაგები ხელოვნურად შემცირდეს“ – დისტრიბუტორთა ბიზნესს ასოციაცია

მეშვიდე დღეა, დასავლეთ საქართველოში სტიქიას ებრძვიან. დიდთოვლობის გამო ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი. უხვი ნალექის გამო, ამ დრომდე, ს ნაწილს გაზი და დენი არ მიეწოდება. შეჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტიც.
სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ პრობლემებია მაღაზიათა ქსელების სურსათით მომარაგების მხრივაც. მოქალაქეები წერენ, რომ სასურსათო მაღაზიებში დახლების ნაწილი ცარიელია.
როგორც საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესს ასოციაციაში „კომერსანტს“ უთხრეს, დიდთოვლობის გამო დისტრიბუციის პრობლემა ძირითადად იმ პროდუქტებს შეეხო, რომლის მიწოდებაც ყოველდღიურად ხდებოდა.
რაც შეეხება სოფლების მომარაგებას, ეს ადგილობრივ დონეზე ორგანიზდებოდა და ბევრად უფრო პრობლემურია, ვიდრე სხვადასხვა რაიონის მუნიციპალური ცენტრის ან დაბის. ლაშა რიჟამაძე განმარტავს, რომ რეგიონებში, ქსელურ მაღაზიაში სურსათის მარაგი არის, თუმცა პრობლემა მისი განაწილებაა.
„პურს მიწოდების მოკლე ვადა აქვს და დისტრიბუცია ყოველდღიურად ხდებოდა, ამიტომ მარაგები მცირეა. სხვა ძირითად პროდუქციაზე არსებითი პრობლემები ჯერ არ შექმნილა. ძირითადად დისტრიბუციის პრობლემები სოფლების მიმართულებითაა, სადაც მცირე მეწარმეები ანაწილებდნენ პროდუქციას. მარკეტებში, ძირითად პროდუქციაზე დეფიციტი არ არის, მაგრამ პურზე მიწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებები არსებობს.
პირველადი მოხმარების პროდუქციაზე მარაგების პრობლემა შესაძლოა სოფლებში იყოს.
იმედი გვაქვს, რომ მომხმარებელი იმ რაოდენობის პროდუქციას არ შეიძენენ, რომ მარაგები ხელოვნურად შემცირდეს.
კიდევ ერთხელ განვმარტავ, მარაგის კუთხით სურსათზე პრობლემები არ შეიქმნება, რაც შეეხება უშუალოდ მიწოდების ნაწილს, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, დეფიციტი არ შეიქმნება. გარკვეული რიგის პროდუქცია შეიძლება შემცირდეს, ოღონდ აქ დაბას ვგულისხმობ, ისეთ დასახლებებს, სადაც ქსელური ტიპის მაღაზიებია. რაც შეეხება სოფლებს, აქ პრობლემაა, მაგრამ ამ მიმართულებითაც ველოდებით შესაბამის უწყებებს და ვეცდებით, რომ კონკრეტული ლოკაციიდან მათი დახმარებით მიწოდება აღდგეს“,- აღნიშნა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, ლაშა რიჟამაძემ.