„იმედია, ეროვნული ბანკი შეჩერდება და კიდევ არ გაზრდის ამ 750 ათას ლარიან ლიმიტს“ – დავით რუსია

„იმედია, ეროვნული ბანკი შეჩერდება ამ 750 ათას ლარიან ლიმიტზე და კიდევ არ გაზრდის მას,“ – ამის შესახებ საბანკო ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა დავით რუსიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისივე შეფასებით, მსგავსი მოკლევადიანი ზრდა პოზიტიურად არ აისახება.
შეგახსენებთ, რომ 1-ლი აგვისტოდან შედის ძალაში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 750 000 ლარამდე სესხის აღებას მხოლოდ ლარში შეძლებენ. ასე რომ, აღნიშნული პირები უცხოურ ვალუტაში სესხს ვეღარ აიღებენ.
„დოლარიზაციას თავისი „შლეიფი“ მოჰყვება – ბოლო მაჩვენებელი 500 ათას ლარიანი ლიმიტი იყო, ხვალიდან კი 750 ათას ლარზე აიწევა. ჩვენ გავაკეთეთ შედარება, რას ნიშნავს დოლარიზაციის კოეფიციენტი სესხებსა და დეპოზიტებში, პორტფელში რა წილი უკავია უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს. ივნისის მაჩვენებლით 42%-ის ფარგლებში ტრიალებს სესხებთან, დეპოზიტებთან მიმართებაში კი 50%-ს უახლოვდება. დეპოზიტებში შემცირებასთან გვაქვს საქმე, სესხებთან მიმართებაში კი ცოტა უჭირს ქვედა ზღვარისკენ წამოსვლა. ამის მიზეზია ის, რომ სესხებში გვაქვს რამდენიმე პორტფელი: კორპორატიული, მიკროსესხების, საცალო და ა.შ. სხვათაშორის ამ უკანასკნელში დოლარიზაციამ ყველაზე კარგად იმუშავა, დაახლოებით 19%-იან ნიშნულზე ვართ და ეს პორტფელი მალე განილევა.
ის რესურსი, რომელსაც ბანკები მოიზიდავენ, დაყოფილია რამდენიმე მიმართულებით. თუ ჩვენ ეროვნული ბანკის მონაცემებს მოვიშველიებთ, დეპოზიტების 50% ლარებშია მოზიდული, 30%-მდე დოლარში, 15% ევროში და დანარჩენი 5% რამდენიმე ვალუტას უკავია,“ – განაცხადა დავით რუსიამ.
ცვლილება სესხის აღების წესში – ვის შეეხება?
მისი თქმით, კომერციული ბანკები ყოველთვის მზად არიან ეროვნული ბანკის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილებებისთვის.
„კომერციული ბანკები მზად არიან ეროვნული ბანკის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილებებისთვის, თუმცა იმედია, ეროვნული ბანკი შეჩერდება ამ 750 ათას ლარიან ლიმიტზე და კიდევ არ გაზრდის მას. რადგან ეს სწრაფი ზრდა პოზიტიურად არ აღიქმება,“ – განაცხადა მან.
ცნობისთვის, 2024 წლის მაისიდან პირები, ვისაც შემოსავალი ლარში ჰქონდა 400 ათას ლარამდე სესხს ვეღარ იღებდნენ უცხოურ ვალუტაში, 2025 წლის იანვრიდან ეს ზღვარი 500 ათას ლარამდე გაიზარდა, ბოლო ცვლილებებით კი მაქსიმალური ზღვარი 750 ათას ლარამდე იზრდება.
bpn.ge