“იმედია, ეკონომიკის სამინისტრო წელსვე შეგვხვდება… უკვე საკმაოდ დიდი კრიზისია ტურიზმში” – ინტერვიუ

ჰოტელიერ შალვა ალავერდაშვილის შეფასებით, რომელიც 7 სასტუმროს მმართველია, ტურიზმის სექტორში კრიზისია. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჰოტელიერი ამბობს, რომ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი სასტუმრო ბიზნესის მუშაობაზე ნეგატიურად უკვე აისახა და სექტორში საკმაოდ დიდი კრიზისია.
შალვა ალავერდაშვილი ჰყვება, რომ მის მართვაში მყოფი 7 სასტუმროდან, 6 დედაქალაქის ცენტრალურ უბნებშია და ჯავშნების დიდი ნაწილი გაუქმდა. მისივე თქმით, ბედნიერია იმით, რომ 30-31 დეკემბერსა და 1-2 იანვრის ჩათვლით, სასტუმროების ნომრები დაჯავშნილია და მიღებული შემოსავლით, კომუნალურების გადახდას და ხელფასების გაცემას მოახერხებს.
„ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ახალი წლის დღეებში, ოთხი დღით სტუმრები გვეყოლება. სომხეთიდან გვქონდა ჯავშნები და არ გაგვიუქმეს, რაც ძალიან კარგია. მიღებული შემოსავალი მომეხმარება იმაში, რომ პერსონალი შევინარჩუნო და ხელფასი გადავიხადო. 30-31 დეკემბრის ჯავშნებიდან მიღებული შემოსავლით დეკემბრის ხელფასებს გადავიხდი, ხოლო 1-2 იანვრის შემოსავალი კი, შევეცდები იანვრის კომუნალურებისთვის გადავინახო. 4-5 იანვრამდე, თბილისის სასტუმროები მეტ-ნაკლებად დატვირთული იქნება, მაგრამ შემდეგ რა მოხდება, არავინ იცის. 6 იანვრის მერე, ჯავშნების სისტემაში არაფერი ჩანს და არც ის ვიცით, რომელ ბაზართან შევიდეთ ურთიერთობაში და ვისთან ვიმუშაოთ.
მიმდინარე სეზონი ისედაც დაბალი დატვირთულობისაა თბილისის სასტუმროებისთვის, მაგრამ შარშან ამ პერიოდში 35-40%-იანი დატვირთვა მაინც გვქონდა. იანვრის თვეს 25%-იანი დატვირთულობით თუ დავხურავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ შევძლებთ, კომუნალური გადასახადები გადავიხადოთ, მაგრამ ხელფასების ნაწილზე ან გვეყოფა ან – არა. ეს არის რეალობა. სასტუმრო ბიზნესი დღეს მომგებიანი არაა“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა და იქვე დასძინა, რომ სხვა ვალდებულებების მომსახურებაზე ახლა ვერც ფიქრობს.
„ამ ეტაპზე, ჩვენთვის ყველაზე მთავარია, თუ სტუმარი მოვა, სიბნელეში არ იყოს და საუზმე დავახვედროთ ანუ კომუნალური გადასახადები და ხელფასები გადავიხადოთ. საბიუჯეტო გადასახადებსა და ბანკის კრედიტებზე რას ვიზამთ, არ ვიცი“, – აცხადებს ჰოტელიერი.
გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის შეფასებითაც, პოლიტიკურმა კრიზისმა თბილისის სტუმარმასპინძლობის სექტორი გარკვეულწილად დააზარალა და სამინისტროში ხვდებიან სხვადასხვა ბიზნესჯგუფს, აანალიზებენ და მსჯელობენ, როგორ შეიძლება დაეხმარონ კერძო სექტორს, „წერტილის“ წამყვანი დაინტერესდა, იყო თუ არა მსგავსი შეხვედრა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ ლევან დავითაშვილის უწყებაში ტურიზმის სექტორს შეხვედრა ჯერ არ ჰქონია, მაგრამ იმედოვნებს, რომ მალე შედგება. ჰოტელიერს მიაჩნია, რომ არსებულ სიტუაციაში, ტურიზმის ინდუსტრიის მხრიდან შეხვედრის მოთხოვნა არც უნდა იყოს საჭირო.
ამასთან, „წერტილთან“ ინტერვიუში ჰოტელიერმა გაიხსენა მიმდინარე წლის გაზაფხული, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ „რუსული კანონი“ ისევ დააბრუნა დღის წესრიგში და მთავრობის ეკონომიკური გუნდი ტურიზმის ბიზნესს დახმარებას დაჰპირდა, მაგრამ შედეგი ვერ დადგა.
კერძოდ, სასტუმროების ბიზნესმა ქონების გადასახადის გადახდის გადავადება ითხოვა, თუმცა როგორც მაშინ შალვა ალავერდაშვილი ჰყვებოდა, ეკონომიკის სამინისტრომ „კულტურული უარით“ გაისტუმრა. ოფიციალურ მიზეზად ის დასახელდა, რომ არსებული საკანონმდებლო ჩარჩო არ ითვალისწინებდა გადასახადის გადავადებას.
ამდენად, შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ ახლა ტურიზმის ბიზნესი არ აპირებს ხელისუფლებას რამე სთხოვოს. „მათ შემოგვთავაზონ, რის გაკეთება შეუძლიათ“, – ამბობს ჰოტელიერი.
მისივე თქმით, პირველ რიგში, ყველაზე მთავარია, შედგეს სამუშაო შეხვედრა ტურიზმის სექტორის ყველა რგოლის მონაწილეობით.
შალვა ალავერდაშვილის შეფასებითვე, გუდაურის გარდა, სადაც ახლა სეზონია, თბილისსა და სხვა რეგიონებში, მათ შორის კახეთში სასტუმროების დატვირთულობა ძალიან დაბალია.
– იმ განცხადებების მერე, რასაც ვისმენთ, გვგონია და გვინდა, გვჯეროდეს, რომ ძალიან მალე, უახლოეს დღეებში ანუ წელსვე მოხდება შეხვედრა და ჩვენი პრობლემების განხილვა. 15 დეკემბერს ძალიან ბევრმა მცირე ზომის რესტორანმა და სასტუმრომ დღგ-ის გადახდაც ვერ შეძლო. რა მოხდება მერე?! როცა დენი შეიძლება ჩამიჭრან თუ ვერ გადავიხდი კომუნალურ გადასახადებს, რა არჩევანი უნდა გავაკეთო – საით უნდა გავუშვა მცირე სახსრები, რასაც ახალ წელს მივიღებ?! ჩემი პირველი საზრუნავია, ჯერ კომუნალურები გადავიხადო და მერე რაღაც იქნება… ახლა ამ მდგომარეობაში ვართ, ახლა ყოველდღიურობაზე ვართ გადასული. იცით, ეს რას ნიშნავს? – მოდი, დღეს ეს გავაკეთოთ. ხვალ? – ხვალ ვნახოთ რა იქნება. ამდენად, ვფიქრობ, ამ ვითარებაში, [სამინისტროსთვის] ჩვენი მიმართვა არ უნდა იყოს საჭირო და ერთად უნდა ვიმსჯელოთ სიტუაციიდან გამოსავალზე, თუმცა ჯერ არავის დაურეკავს.
– რა სახის მხარდაჭერა გჭირდებათ ახლა სახელმწიფოსგან?
– პირველ რიგში, ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროებთან ერთად უნდა დავსხდეთ, რათა ისევ ისეთი პასუხი არ მივიღოთ, როგორც – გაზაფხულზე, რომ „მე კი მესმის თქვენი, მაგრამ არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა“… ამიტომ მოდით, ჯერ ვისაუბროთ დაა ვიმსჯელოთ, რის შესაძლებლობა აქვს ფინანსთა სამინისტროს, რომ კანონში ცვლილებები არ დასჭირდეთ. შეხვედრას არ აქვს ალტერნატივა. სასტუმროებზე ვსაუბრობ, მაგრამ ტურიზმის ჯაჭვი მოიცავს ტურისტულ კომპანიებს, გიდებს, სატრანსპორტო კომპანიებს და ა.შ. ადამიანები შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
– მოკლედ, თქვენი პოზიციაა – ვინაიდან, პრობლემები ტურიზმში თავად „ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებამ გამოიწვია, გამოსავალიც მათ მოიფიქრონ?
– ნამდვილად, ზუსტად ეს აღვნიშნე. ჩვენ არ გვინდა რაღაც ვთქვათ და და მერე ისევ გვითხრან, რომ „განა ჩვენ არ გვინდა, ამის გაკეთება, მაგრამ“… როგორც მაშინ მოხდა, როცა კულტურული უარით გაგვისტუმრეს [ეკონომიკის სამინისტროდან].
– კომუნალური გადასახადები, ხელფასები, საბიუჯეტო გადასახადები გამოყავით, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, ამ ვითარებაში საბანკო ვალდებულების დაფარვა თუ სიტუაცია მალე არ გამოსწორდა?
– ყველაზე მძიმე ტვირთი ბანკის კრედიტებია, მაგრამ ამ ეტაპზე, ყველაზე მთავარია პერსონალი შევინარჩუნოთ და კომუნალური გადასახადები გადავიხადოთ. დანარჩენზე – სახელმწიფოსთან და ბანკებთან ურთიერთობის კუთხით, რა როგორ გავაკეთოთ, არ ვიცით. ჩემთვის, ამ ეტაპზე, ყველაზე მთავარია, თუ სტუმარი მოვა, სიბნელეში არ იყოს და საუზმე დავახვედრო.