პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ “დიდ იმედგაცრუებას გამოვხატავთ საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონის გამო”. მათი შეფასებით, კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს და საქართველოს აშორებს ევროკავშირს.
“მიუღებელია დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენება და ფიზიკური ძალადობა იმ ადამიანებზე, რომლებიც დემონსტრაციებში მონაწილეობენ ან საჯაროდ აკრიტიკებენ კანონს უცხოური გავლენის შესახებ. მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, პოლონეთი ყოველთვის მხარს უჭერდა მის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ამავე დროს, ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ქართული საზოგადოების მონდომებას, დაიცვას სამოქალაქო უფლებები და თავისუფლება. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მათი მხარდაჭერა უკეთესი ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს აღნიშნული კანონი და გააგრძელოს ევროკავშირთან სრული ინტეგრაციის მისაღწევად აუცილებელი რეფორმების განხორციელება” – აცხადებს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელსაც საქართველოში პოლონეთის საელჩო ავრცელებს.
ათი ათასობით მოქალაქის პროტესტის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის და უცხოელი პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. როგორც ცნობილია, პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს.
პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბოლო ერთ კვირაში რამდენჯერმე თქვა, რომ ვეტოს პროცედუროს ფარგლებში შესაძლებელია “პოზიციების შეჯერება”. კობახიძე ამბობს, რომ 14-28 მაისის პერიოდში შესაძლებელია ყველა საკითხის განხილვა-შეჯერება უცხოელ პარტნიორებთან.
“ევროკავშირის უმაღლესი დონის წარმომადგენლებზეა საუბარი… მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტთანაც მქონდა საუბარი და შევჯერდით, მისი ინიციატივაც იყო და ეგრევე დავუჭირე ამას მხარი… პირდაპირ, გახსნილად შევთავაზე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს ეს დისკუსია, რომ წარმოგვიდგინეთ კონკრეტული შენიშვნები, დავსხდეთ, შევჯერდეთ, რაზეც შევჯერდებით, იმას ავსახავთ კანონში…
[მზად ვართ ცვლილებებისთვის], რა თქმა უნდა, ისე რა აზრი აქვს დისკუსიას, მივიღებთ სამართლებრივ შენიშვნებს და რა თქმა უნდა, ამის გაზიარებაზეა საუბარი” – თქვა კობახიძემ.
თუმცა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ “კანონის გასაპატიოსნებლად” თამაშში შესვლას არ აპირებს. მან ეს 15 მაისს ბალტიის ქვეყნების და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგაც გაიმეორა.
“მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს ავუხსენი, რომ არავითარ შემთხვევაში ჩემი ვეტოს დადებით არ შევიდოდი რაღაცა ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში, არა და არასოდეს, მე არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც არის ამ ქვეყანაში და რომელსაც სჭირდება, რომ გზა გაეხსნას, მე ვიქნები ამ გზის გამხსნელი და არა ამ გზიდან გადასვლის ერთერთი ფორმა.
ეს გზავნილი იქნება მიტანილი ჩვენი მეგობრებისგან ყველგან, სადაც საჭიროა, რომ არავინ იფიქროს, რომ შეიძლება გამოიყენო საქართველოს პრეზიდენტი იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას რაღაც სახე გადაურჩინო, დღეს ეს საკითხი არ დგას, დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი” – თქვა ზურაბიშვილმა.