აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ტვირთების გადაზიდვა, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოს დერეფნით ხორციელდება, მომავალში სომხეთის მიმართულებით გადაინაცვლებს. ამის შესახებ მან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, დავოსში გამართულ პანელურ დისკუსიაზე ისაუბრა.
ალიევის თქმით, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანს სთხოვა, უზრუნველყოს სომხეთიდან რუსეთში ტვირთების ტრანზიტი აზერბაიჯანის გავლით, რაც დერეფნის პრაქტიკულად ცალმხრივ გახსნას ნიშნავს. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე გადაზიდვები საქართველოს გავლით ხორციელდება, მომავალში სომხეთის დერეფანი აქტიურად ამოქმედდება და ეს პროცესი შორეულ პერსპექტივად არ განიხილება.
„ახლა კი ჩვენ მივიღეთ მოთხოვნა სომხური მხარისგან, რათა უზრუნველვყოთ ტრანზიტი სომხეთიდან რუსეთში. ამგვარად, ჩვენი დერეფანი დე ფაქტო ცალმხრივად გავხსენით. დიახ, ახლა გადაზიდვები საქართველოზე გადის, მაგრამ დადგება დღე, როცა ისინი სომხეთის გავლით წავა. და დადგება დღე, როდესაც სომხეთი განახორციელებს პირდაპირ მოწოდებებს აზერბაიჯანიდან, და ეს დღე არც ისე შორს არის, – განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბაქოსთვის პრიორიტეტი რეგიონთან და მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობაა და დე ფაქტო მშვიდობის დამყარების შემდეგ სომხეთთანაც დაიწყო ეკონომიკური ურთიერთობებისა და საექსპორტო ოპერაციების განვითარება.
ცნობისთვის, 8 აგვისტოს აშშ-ის შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა შეთანხმებები სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის ე.წ. Trump Route for International Peace and Prosperity (TRIPP), რომელიც რეგიონში სატრანსპორტო და ენერგეტიკული კავშირების განვითარებას ითვალისწინებს.
თარგმანს bm.ge ავრცელებს




