ილჰამ ალიევი თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის თაობაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანს ესაუბრა

თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის თაობაზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაურეკა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
“11 ნოემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაურეკა.
სახელმწიფოს მეთაურმა ღრმა სამძიმარი გამოუცხადა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებსა და ახლობლებს, თურქეთის მოძმე ხალხს საქართველოში თურქეთის საჰაერო ძალების სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის თაობაზე.
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მადლობა უთხრა სატელეფონო ზარისთვის და გამოთქმული მწუხარებისთვის.
სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნულ იქნა, რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები კონტაქტში იმყოფებიან ინციდენტთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

დათო ჟღენტის მამა დღეს დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ დილით პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ჰქონდა პროკურორის თანხმობაც ციხიდან გაყვანაზე და ადვოკატის შესაბამისი მიმართვაც, პატიმარი მშობლის დაკრძალვაზე არ მიუყვანიათ