ილჰამ ალიევის საიდუმლო “შავი სალარო” და “ხიზილალის” დიპლომატია – „გერმანიაში ყოფილ დეპუტატებს აზერბაიჯანისაგან ქრთამის აღების გამო ასამართლებენ”

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-მა 16 იანვარს გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „გერმანიაში ყოფილ დეპუტატებს აზერბაიჯანისაგან ქრთამის აღების გამო ასამართლებენ“ (ავტორი – მაგერამ ზეინალოვი), რომელშიც განხილულია აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ მრავალი წლის განმავლობაში ჩადენილი კორუფციული ქმედებები, ევროპელი დეპუტატების მოქრთამვა-მოსყიდვის მიზნით. საბრალდებო სკამზე სხედან გერმანელი ექსპოლიტიკოსები – პროკურატურის ბრალდებით, მათ ათი ათასობით ევრო აიღეს აზერბაიჯანის ინტერესების უკანონოდ დაცვისათვის.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მიუნჰენში დაიწყო სასამართლო პროცესი, რომელზეც იხილება გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) ორი ყოფილი წევრის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე – გერმანიის პროკურატურის ბრალდებით, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრებმა – ედუარდ ლინტნერმა და აქსელ ფიშერმა აზერბაიჯანის ხელისუფლებისაგან ქრთამი აიღეს ბაქოს ინტერესების ლობირებისთვის, როცა ისინი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE – Parliamentary Assembly of the Council of Europe) გერმანიის წარმომადგენლები იყვნენ. საქმე ეხება მექრთამეობას იმ მიზნით, რომ გავლენა მოეხდინათ ასამბლეის გადაწყვეტილებებზე, აზერბაიჯანის სასარგებლოდ.

საერთოდ, ს რეჟიმს უკვე დიდი ხანია, ადანაშაულებენ ევროპელი პოლიტიკოსების – დეპუტატებისა და სხვა ჩინოვნიკების მოსყიდვაში – მაგალითად, ს პოზიტიურად შეფასებასა და მასთან დაკავშირებული კორუფციის გამო. ეს ამბავი იმდენად იყო გახმაურებული, რომ მხატვრულ ფილმსაც კი დაედო საფუძვლად, სახელწოდებით – „უფსკრულის პირას“, რომელიც გერმანიის ტელეეკრანზე 2024 წელს გამოვიდა (რეჟისორი – დენიელ ჰარიში).

ქრთამები, კონსპირაცია და მოსყიდვა

თავდაპირველად გამოძიება დაიწყო ქრისტიან-დემოკრატი დეპუტატის – კარინ შტრენცის მიმართ, რომელიც 2021 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა, 53 წლის ასაკში – ფრაუ კარინი კუბიდან გერმანიაში ბრუნდებოდა და თვითმფრინავში გულმა უღალატა. სიკვდილამდე ორი თვით ადრე ბუნდესტაგმა მას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა, მექრთამეობაში ბრალდებისა და ბაქოს ინტერესების უკანონოდ ლობირების გამო, როცა იგი აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნების დროს სამონიტორინგო კომისიის წევრი იყო. გარდა ამისა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) კარინ შტრენცი იმ რეზოლუციის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებისაგან პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ დეპუტატმა 20 ათასი ევრო დააბრუნა.

კარინ შტრენცის საქმის გამოძიების დროს სამართალდამცველები მიადგნენ ედუარდ ლინტნერს, რომელიც იმ მომენტში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი იყო – გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ ჰერ ედუარდმა აზერბაიჯანის ხელისუფლებისაგან რამდენიმე მილიონი ევრო მიიღო. მის ამოცანას წარმოადგენდა არა მარტო ბაქოს ინტერესების ლობირება, არამედ – სხვა გერმანელი პარლამენტარების მოსყიდვა-გადაბირებაც. ერთ-ერთი მათგანი გახდა აქსელ ფიშერი, რომელიც ახლა განსასჯელის სკამზე ზის. ჩხრეკის დროს გამომძიებლებმა იპოვეს მიმოწერა, რომლიდანაც ირკვევა, რომ ედუარდ ლინტნერმა აქსელ ფიშერს 23 ათასი ევრო გადასცა, ხოლო გარდაცვლილი კარინ შტრანციც მისგან იგივე თანხას ითხოვდა.

მიუნჰენელი გამომძიებლების თქმით, ეს იყო ძალიან რთული გამოძიება: ფულის გადაცემის სქემა მაღალი კონსპირაციით გამოირჩეოდა – ყველაფერი საიდუმლოდ ხდებოდა. პროკურატურას მოუწია 15-ზე მეტი შეკითხვა-მოთხოვნის გაგზავნა კვიპროსზე, ლიხტენშტეინში, შვეიცარიაში, თურქეთში, ბელგიაში, ესტონეთში, ლატვიაში, აზერბაიჯანში და სხვა ქვეყნებში.

ბელგიელმა სამართალდამცველებმა, მაგალითად, გერმანელი კოლეგების თხოვნით, რამდენიმე ოფისი გაჩხრიკეს და მნიშვნელოვანი მტკიცებულებები აღმოაჩინეს.

ედუარდ ლინტნერმა, გამოძიების მონაცემებით, 2016 წლისათვის „რამდენიმე მილიონი ევრო მიიღო 19 უცხოური კომპანიის საფოსტო ყუთების მეშვეობით, რაც მექრთამეობის ძალზე მაღალ კონსპირაციაზე (საიდუმლო ხასიათზე) მიუთითებს.

ხანგრძლივი გამოძიება

პროკურატურის მონაცემების თანახმად, ეს იყო ხანგრძლივი, მრავალწლიანი გამოძიება, ჩატარდა მრავალი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის – გერმანიის მთელ ტერიტორიაზე, თითქმის, 20 ობიექტის ჩხრეკა, ბუნდესტაგის წევრების ოფისების ჩათვლით. 2020 წელს სისხლის სამართლის პოლიციის ფედერალურმა სამმართველომ ედუარდ ლინტნერის ბინა გაჩხრიკა, მომდევნო წელს კი – აქსელ ფიშერის სახლი. პროკურატურაში განაცხადეს, რომ ბრალდებულ-განსასჯელები თავიანთ უკანონო საქმიანობას რთული სქემებით ნიღბავდნენ.

ორგანიზაცია Transparency Germany-ის თავმჯდომარემ ალექსანდრა ხერცოგმა პროკურატურის საბრალდებო დასკვნას „შოკისმომგვრელი“ უწოდა: „ეს ძალზე სამწუხარო და შოკისმომგვრელი ფაქტი მიგვანიშნებს, რომ გერმანიამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ავტოკრატული ქვეყნების მცდელობა-გავლენებს, რომლებიც კორუმპირებული სქემებით ცდილობენ თავიანთი მიზნების მიღწევას“, – განაცხადა მან 14 იანვარს.

რას ამბობენ ბრალდებულები და მათი ადვოკატები?

ედუარდ ლინტნერი მექრთამეობის ბრალდებას გამოძიების მიერ გამოგონილ „დიდ სისულელედ და მონაჩმახად“ თვლის. პარლამენტში ყოფნისას იგი ლობისტის როლს ასრულებდა და იმის მიღწევას ცდილობდა, რომ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული საკითხები აზერბაიჯანის სასარგებლოდ გადაჭრილიყო, რაც, მისი აზრით, სწორ პოზიციას წარმოადგენდა, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით.

აქსელ ფიშერის თქმით, პროკურატურის ბრალდება მის წინააღმდეგ „სინამდვილეს არ შეესაბამება“. მისი აზრით, გამოძიების პროცესი და ბრალდება არა მარტო სტრესული და სახიფათოა მისი ოჯახის წევრებისათვის და განსაკუთრებით – შვილებისათვის, არამედ იგი ანგრევს მის პროფესიონალურ და სოციალურ ცხოვრებას“.

როგორც ბუნდესტაგის ექსდეპუტატის – აქსელ ფიშერის ადვოკატმა განაცხადა, მისი თვალსაზრისით, „ბრალდება, რომელიც სამართალდამცველებმა წაუყენეს მისი დაცვის ქვეშ მყოფ კლიენტს, უკვე უარყოფილი იქნა წინასწარი გამოძიების პროცესში და ეს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს“.

„ხიზილალის დიპლომატია“

აზერბაიჯანის ხელისუფლების მოქმედებას „ხიზილალის დიპლომატია“ ჯერ კიდევ 2012 წელს უწოდეს, როცა ცნობილი გახდა ფაქტები – მთავრობა ევროპელ პარლამენტარებს ძვირფას საჩუქრებს ურიგებდა, ბაქოში ყოფნის დროს. რასაკვირველია, აზერბაიჯანის ხელისუფლება ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი – დეპუტატების დონეზე უარყოფდა ბრალდებებს, ევროპელი დეპუტატების მოსყიდვის საკითხში.

2017 წელს კორუფციისა და ორგანიზებულ დანაშაულთა გამოძიების ჯგუფმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომლის თანახმად, აზერბაიჯანის ხელისუფლება 2012-2014 წლებში საიდუმლო „შავ სალაროს“ იყენებდა, ევროპელი დეპუტატების მოსასყიდად, მათთვის ფუფუნების საგნების შესაძენად და ფულის გასარეცხად. როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, „შავი სალაროს“ მეშვეობით სულ გაირეცხა დაახლოებით 2,8 მილიარდი დოლარი.

იმავე 2017 წელს ევროპის საბჭოში დაიწყო გამოძიება საპარლამენტო ასამბლეის წევრების მიმართ, რომლებმაც აზერბაიჯანის მთავრობისაგან ქრთამები აიღეს. ერთი წლის შემდეგ გამოძიება მივიდა დასკვნამდე, რომ PACE-ის რიგი ამჟამინდელი და ყოფილი წევრები ფულს იღებდნენ იმისათვის, რომ შეერბილებინათ კრიტიკა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო.

ევროპის საბჭო ყოველთვის გამოდის დემოკრატიის პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დამცველად. მას საკანონმდებლო უფლებამოსილება არ აქვს, მაგრამ საკუთარ თავს „ევროპის სინდისად“ თვლის. აზერბაიჯანი ევროპის საბჭოში 2001 წელს გაწევრდა, 2024 წელს კი PACE-ის დეპუტატებმა უარი განაცხადეს აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირებაზე, იმ მოტივით, რომ ბაქო არ არსულებს ევროპის საბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებას ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო