კრეატიულობას, მენტალურ დაავადებებსა და ფსიქოლოგიურ აშლილობებთან კავშირი უმეტესად ანეკდოტების დამსახურებაა, თუმცა აქვეა სამეცნიერო ნაშრომებიც — „განსხვავებულ მოაზროვნეებს“, იქნება ეს მუსიკოსი, პოეტი, მწერალი, კომიკოსი თუ ვიზუალური არტისტი, როგორც წესი, უფრო მაღალი ნეგატიური აფექტური და ფსიქოზური თვისებების მაჩვენებლები აქვთ, ვიდრე ზოგად მოსახლეობას.
შესაძლოა, ილუზიონისტებიც რაღაც ინოვაციურ ხრიკს ფლობდნენ, რაც მათ სხვა შემოქმედებითი მოაზროვნეებისგან განასხვავებს, იქნება ეს კომიკოსი თუ ვიზუალური არტისტი. თუმცა ბევრი პროფესიისგან განსხვავებით, არცერთ კვლევას დაუდასტურებია, რომ ადამიანებს, რომლებიც მაგიას მისდევენ, ფსიქოზისა თუ შიზოფრენიისკენ მიდრეკილება აქვთ. აი, უახლესი კვლევა კი გვეუბნება, რომ ილუზიონისტებსა და მეცნიერებს რაღაც აერთიანებთ…
რეალურად, მუსიკოსებსა და პოეტებთან შედარებით, ისინი, ვინც ჯადოსნობებს ჩადიან, ნაკლებად მგრძნობიარეები არიან ე. წ. ჯადოსნური აზროვნების მიმართ. მეტიც, შესაძლოა, ილუზიონისტები თავიანთ კარიერას უფრო მეტად მათემატიკოსებისა და მეცნიერების მსგავსად უყურებდნენ.
ხოლო თვისებები, რომლითაც ფსიქოზური აშლილობები განისაზღვრება, იქნება ეს შიზოფრენია თუ ბიპოლარული აშლილობა, მოიცავს ჰალუცინაციებს, მაგიურ აზროვნებას, ილუზიებს, კონცენტრირების არქონის უნარს, შფოთვას, დაბალ თვითკონტროლს, ემოციების შემცირებასა და მოტივაციის ნაკლებობას — ეს თვისებები საზიანო კი შეიძლება აღმოჩნდეს, როცა განკურნებას არ ექვემდებარება, მაგრამ ასევე ჭკვიანურ აზროვნებაშიც შეიძლება გადაიზარდოს, რომელიც ჩვენს შემოქმედებით გრძნობებს ეხება.
თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს თვისებები ილუზიონისტებს არ ეხებათ, უფრო მეტად კრეატიული შემსრულებლები არიან და კომიკოსების მსგავსი საქმე აქვთ. ამის გასარკვევად ევოლუციური ფსიქოლოგი გილ გრინგროსი 195 „ჯადოქარსა“ და ზოგადი მოსახლეობიდან 233 ინდივიდს დააკვირდა, გაზომა მენტალური ჯანმრთელობის, შემოქმედებითობისა და კრეატიულობის მაჩვენებლები.
„ყველა შემოქმედებითი ადამიანი ერთნაირი არ არის, კრეატიულობასა და ფსიქოტიზმს შორის არსებული ურთიერთობა კი მეტად კომპლექსურია“, — აცხადებენ მკვლევრები.
ამას იმიტომ გვეუბნებიან, რომ ილუზიონისტებმა უფრო დაბალი ქულები მიიღეს კოგნიტიურ დისორგანიზებასა და იმპულსურ შეუსაბამობაში, საერთო ნიმუშსა და სხვა მხატვრულ ჯგუფებთან შედარებით. მიღებულ შედეგს კი იმით ხსნიან, რომ ჯადოსნური ხრიკები ზუსტი რეპეტიციების შედეგია, რაც მოითხოვს ინტენსიურ ფოკუსირებას, დეტალებზე ორიენტირებულობას, თვითკონტროლსა და დისციპლინას. შესაბამისად, ყველა მათგანზე უარყოფითად იმოქმედებს სოციალური შფოთვა, ცუდი კონცენტრირების უნარი და დაბალი თვითკონტროლი.
საინტერესოა ისიც, რომ გამოკვლეული ილუზიონისტებიდან უმეტესობა ზოგადი პოპულაციისგან სულაც არ განსხვავდებოდა „არაჩვეულებრივი გამოცდილებით“, იქნება ეს ჰალუცინაციები, აღქმის ცვლილებები თუ მაგიური აზროვნება. ხოლო ის ილუზიონისტები, რომლებმაც აქ სხვებზე მაღალი ქულები მიიღეს, ძირითადად თავიანთ შოუებში არსებულ ორიგინალურ ელემენტებზე საუბრობდნენ. ამასთან, ძლიერი რწმენა ჰქონდათ თავიანთ შემოქმედებით შესაძლებლობებში და კრეატიულობა მათი იდენტობის უფრო დიდი ნაწილი იყო.
ძველ კვლევასთან შედარების შედეგად, მკვლევრებმა ისიც დაადგინეს, რომ ილუზიონისტი ყველაზე მეტად მათემატიკოსსა და მეცნიერს ჰგავს. როგორც გრინგროსის გუნდი განმარტავს, ილუზიონისტები და მეცნიერები წარმოსახვასა და კრეატიულობას, გამძლეობასა და ზუსტ პრაქტიკას მიმართავენ, რათა რაც შეიძლება ზუსტები იყვნენ. თანაც ორივე კონკრეტულ მიზანს პატარა ნაბიჯების გადადგმით აღწევს…