ილუზია არავის ჰქონდეს, რომ ევროპა ბაზარს გაგვიხსნის და რასაც გვინდა იმას გავყიდით – “სახე-დარი”

ვირის რძის მწარმოებელი ფერმა „სახე-დარმა“ ჩინეთთან მოლაპარაკებები შეწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ფერმა ამ დრომდე ჩინეთის ბაზართან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რომლის ფარგლებშიც ვირის რძის მწარმოებელ ფერმას 5000 ცოცხალი ვირისა და მათ მიერ წარმოებული კოსმეტიკური საშუალებების ექსპორტი უნდა განეხორციელებინა.
როგორც ფერმის დამფუძნებელი, თემურ ლომიძე BM.GE-სთან აცხადებს, წარმოების სიმცირის გამო, მათი ფერმა ჩინეთის ბაზრის მიერ მოთხოვნილ პირობებს ვერ უზრუნველყოფს. შესაბამისად, ამ ეტაპზე მათთან მოლაპარაკებები შეწყდა.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ვირის რძის ფერმა პროდუქციის ექსპორტს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ახორციელებს და მომავალ წელს, ამ მიმართულებით განვითარებას გეგმავს.
„იმის ილუზია არავის ჰქონდეს, რომ ევროპა ბაზარს გაგვიხსნის და რასაც გვინდა იმას გავყიდით. ჩვენს პროდუქციას ევროპაში დიდი წნეხის გავლა მოუწევს, რომ ბაზარზე რეალიზდეს, რადგან ევროპაში ადგილობრივი ბიზნესის განვითარებასა და მოსახლეობის გადარჩენაზე არიან ორიენტირებული. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ 20-30 წელი მაინც იქნება საჭირო, რომ ბაზარზე შეგვიშვან.
ექსპორტის კუთხით ამერიკის ბაზარი უფრო ადვილი ასათვისებელია. ამიტომ, თებერვალში ამერიკაში ვიზიტს ვგეგმავ, რათა პროდუქციის საექსპორტო მოცულობები გავზარდოთ,“- აცხადებს ლომიძე.
აღსანიშნავია, რომ ფერმა -ში ვირის რძის ფხვნილის, საპნების, ტუჩსაცხებისა და კრემების ექსპორტს ახორციელებს.
ცნობისთვის, „სახე-დარის“ ფერმაში ამ დრომდე 100 ვირი ჰყავთ ფერმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს.