ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი 27 ნოემბერს ისრაელში პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგთან შეხვედრას გამართავს. ამასთანავე, მასკი იმ ისრაელელ ოჯახებს შეხვდება, რომელთა წევრებიც ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციას მძევლად ჰყავს აყვანილი.
ინფორმაცია ისრაელის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე პრეზიდენტი ჰერცოგი ონლაინ სივრცეში მზარდ ანტისემიტიზმთან ბრძოლის მნიშვნელობას ხაზს გაუსვამს.
16 ნოემბერს მასკი X-ში დაეთანხმა მომხმარებელს, რომელმაც დაწერა, რომ “ამერიკაში ებრაული საზოგადოებები თეთრი ადამიანების მიმართ სიძულვილს აღვივებენ”.
მასკის კომენტარს მალევე თეთრი სახლი გამოეხმაურა. განცხადების მიხედვით, მასკის სიტყვები ანტისემიტიზმისა და სიძულვილის საშინელი ხელშეწყობაა, რომელიც ეწინააღმდეგება ამერიკის მთავარ ღირებულებებს.
კომენტარიდან ცოტა ხანში X-თან სარეკლამო პარტნიორობა კინოსტუდიებმა Disney, Warner Bros., Paramount, Sony გაწყვიტეს.
მწვავე რეაქციასა და ანტისემიტიზმის ბრალდებებს ილონ მასკი X-ზე გამოეხმაურა:
“გასულ კვირას მედიაში გაჩნდა ყალბი ისტორიები, რომლის ავტორები ამტკიცებდნენ, რომ ანტისემიტი ვარ. არაფერია ამაზე შორს სიმართლისგან. მე კაცობრიობას მხოლოდ კარგს, წარმატებულ და საინტერესო მომავალს ვუსურვებ”. – წერს მასკი.