The Times of Israel-ის ცნობით, ილონ მასკი ისრაელში ჩავიდა. როგორც ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისი წერს, მან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად კიბუცი მოინახულა – ქალაქი, რომელსაც 7 ოქტომბერს “ჰამასი” დაესხა თავს, 130-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა, ათობით ადამიანი კი მძევლად აიყვანა.
ისრაელის მთავრობის სპიკერს არ უთქვამს მასკი მიწვეული იყო, თუ დამოუკიდებლად ჩავიდა ქვეყანაში. Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა და პრემიერმინისტრმა მოინახულეს რამდენიმე დაზარალებულის სახლი, მათ შორის აბიგაილ ედანის ოჯახი – 4 წლის გოგონა, რომელიც “ჰამასმა” მძევლად აიყვანა მას შემდეგ, რაც მისი მშობლები მოკლეს. ის კვირას გათავისუფლდა.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. მასზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
თავდასხმის შედეგად ისრაელში 1 200-მდე ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი “ჰამასმა” მძევლად აიყვანა. ტერორისტული დაჯგუფების მიერ კონტროლირებადი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით კი, ღაზაში 14 500-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.