ივანიშვილის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთში იმყოფება. ის ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოვიდა.
“ჩემთვის დიდი პატივია, ამ გამორჩეულ აუდიტორიას მივმართო და საქართველოს სახელით ვისაუბრო ფორუმზე, რომელიც ჩვენი ერების მომავლის განხილვის მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა.
რადგან საერთო ღირებულებების განსახილველად შევიკრიბეთ, მსურს საუბარი დავიწყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია II-ის ხსოვნის პატივისცემით, რომელიც სამი დღის წინ გარდაიცვალა. მან ქრისტიანული იდეალები ქართული ხალხისთვის მარადიულ ძალად აქცია. დღეს მთელი საქართველო ერთიანია გლოვაში.
მისი უწმინდესობის გარდაცვალება, რომელიც 48 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ჩვენთვის ღრმად პირადულია, რადგან მან სიყვარულით აავსო ადამიანების გულები და თავადაც უდიდესი სიყვარული მიიღო ხალხისგან.
ის მიუძღოდა საქართველოს ტრადიციებისა და ქრისტიანული ზნეობისადმი ურყევი ერთგულებით. სულიერი წინამძღოლობის მიღმა, პატრიარქი სახელმწიფოსთვის სიბრძნის შუქურადაც იქცა. მისი მსახურების განმავლობაში ეკლესია არ ყოფილა მხოლოდ რელიგიური ინსტიტუტი; ის ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული იდენტობის მცველიც იყო.
პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა – ჩვენი ქვეყნის ეროვნული და რელიგიური იდენტობა“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძე ორბანს: მადლობა მხარდაჭერისთვის, გისურვებთ ხანგრძლივ მოღვაწეობას ლიდერის პოზიციაზე
ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. მას ხვალ, 22 მარტს დაკრძალავენ. პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელიც ირაკლი კობახიძეა.
გლოვის დღეები პატრიარქის დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება