არაფრად აგდებდა ღვთაებრივ გაფრთხილებებს” – გიორგი ტიგინაშვილი

ილია II, რომელიც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე საკუთარ სახელის განდიდებაზე, საკრალიზებასა და PR-ზე ზრუნავდა, მითოლოგიური წარმოდგენებით კვებავდა მთელს გულუბრყვილო საზოგადოებას, რომელსაც პრიმიტიული შთაგონებით ახორციელებდა – КГБ-ში ნასწავლი მეთოდოლოგიით.
“რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც” (ბიბლია, მათე 24,24).
“საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგანაც მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად” (ბიბლია, I იოანეს 4,1).
დავიწყოთ მის მიერ არაერთგზის “საღვთო გამოცხადებად” შერაცხილი მამამისის (გიორგი შიოლაშვილი) სიზმრით, რომლის მიხედვითაც ვითომდა მეორედ მოსვლის წინ, სოფელ სნოში ირაკლი შიოლაშვილი (შემდგომში ) მთელს ერს უნდა გაძღოლოდა მთის წვერზე მაცხოვართან შესაგებებლად. ამ ამბის უკვდავსაყოფად ე.წ. “მეორედ მოსვლის” ნიშიც კი აღმართა მან სნოში.
არადა გვაფრთხილებს წმ. ისააკ ასური: “ვინც საკუთარ თავს მიაწერს იმას, რაც ღმრთისაა, იგი უკვე დაცემულია ამპარტავნების სიღრმეში”.
საუბედუროდ, სიწმინდის, კანონიკის, დოგმატიკისა და ზნეობის აბუჩად ამგდები და ქურუმადქცეული ჰედონისტი ილია II არაფრად აგდებდა ღვთაებრივ გაფრთხილებებს: “მაგრამ წინასწარმეტყველი, რომელიც გაკადნიერდება და ჩემი სახელით დაიწყებს იმის გამოცხადებას, რაც მე არ მიბრძანებია გამოსაცხადებლად, ან რომელიც უცხო ღმერთების სახელით ალაპარაკდება, ეს წინასწარმეტყველი უნდა მოკვდეს.” (ბიბლია, II რჯლ. 18,20).
ბრბოსა და ბრმადმორწმუნე კულტისმსახურ მრევლს კი მამხილებლად აფრთხილებს საღვთო გზავნილი: “წინასწარმეტყველი თუ უფლის სახელით ილაპარაკებს და არ აცხადდება მისი ნალაპარაკევი, არ ყოფილა ეს უფლის სიტყვა – თვითნებურად ულაპარაკნია წინასწარმეტყველს…” (ბიბლია, II რჯლ რჯული 18,22).
ამ “ლეგენდის” ირგვლივ არაერთი სიუჟეტი, რელიგიური ფილმი, ბროშურა და ინტერვიუ ვრცელდებოდა წლების განმავლობაში, რისიც სჯეროდა ჩვენი საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ისინი მოტყუებულნი და გაწბილებულნი დარჩნენ საკუთარი კერპისაგან!
მრევლის უდიდეს ნაწილს იოტისოდენა პასუხისმგებლობა, ობიექტურობა და წმინდა წერილისეული აღქმა არ ჰყოფნის მოვლენათა შეფასებისას, რის გამოც ისინი ქრისტეს პაროდირებულ ვერსიას – ილია II-ს ღმერთზე დიდ პატივს მიაგებენ და თავს იწყევლიან ამგვარი უგუნურებით, რადგან მკაცრია უფლის სიტყვები: “ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს და სიკეთეს – ბოროტებას; ვინც ბნელს ნათლად სახავს და ნათელს – ბნელად, სიმწარეს სიტკბოდ სახავს და სიტკბოს – სიმწარედ!” (ბიბლია, ისაია 5,20).
მოცემულობის განსჯისას ზედგამოჭრილია წმ. იოანე ოქროპირის სწავლებაც: “არაფერია იმაზე საშიში, ვიდრე ცრუ მოძღვარი, რადგან იგი არა მარტო თვითონ იღუპება, არამედ სხვებსაც თან წაიყოლებს”.
კრემლის ემისარი ილია II არაერთ ქადაგებასა თუ ინტერვიუში აცხადებდა რომ “იგი აუცილებლად ჩავა სოხუმში წირვის აღსავლენად და ისე არ წავა ამ ქვეყნიდან, სანამ საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიდგენს”. როგორც ვხედავთ ეს წინასწარმეტყველებაც არ აუხდა და იგი ვერ მოესწრო საქართველოს გაერთიანებას.
მანამდე, 2020 წელს, მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის პანდემიის დროს, იგი დიდი თვითდაჯერებით აცხადებდა, რომ “შემთხვევითი არ არის ის რომ სენი რომელიც მსოფლიოში მძვინვარებს, საქართველოში არ შემოსულა, რადგან მადლი გვიცავს ჩვენ”. ამ დროს, სულ ცოტა ხანში, ამ განცხადებიდან, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე იყო დაავადებულთა სიუხვით (პროცენტული მაჩვენებლითა და მასშტაბით), რასაც სამწუხაროდ 23 000-მდე მოქალაქის ვირუსით დაღუპვა მოჰყვა, მათ შორის არაერთი ეპისკოპოსის, მღვდლის, ბერისა თუ მონაზონის.
“ამრიგად, ვისაც ჰგონია, რომ დგას, ფრთხილად იყოს, რომ არ დაეცეს” (ბიბლია, I კორ.10,12).
ასევე, ილია II მუდმივად აცხადებდა რომ იგი აუცილებლად მოესწრებოდა “გაბრწყინებულ ივერიას და ლაზარესავით მკვდრეთით აღდგომილ საქართველოს”, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ მისი მემკვიდრეობა და დანატოვარი ვერანაირი პარამეტრით ვერ ჩაითვლებოდა “გაბრწყინვებად” ვერც მის სიცოცხლეში და ვერ ამჟამად, რადგან იგი გამოეთხოვა ოკუპირებულ, გაღარიბებულ, იზოლაციონისტურ, ავტორიტარულ, ემიგრირებულ ივერიას. ამას დავუმატოთ სამღვდელოების სიბილწისა და პერვერტობის ანატომია – კრებსების მთელი ბოკაჩოსეული “დეკამერონი” და ტაქსილისეული “წმინდა ბუნაგი”, და რანაირად შეიძლება ეს “ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებად” მივიჩნიოთ, განსჯა პირუთვნელ და არაკერპთაყვანისმცემელ ხალხს მივანდოთ.
კაცმა საკუთარ თავთან გაცილებით მეტი განმადიდებელი ადამიანი მიიყვანა, ვიდრე ქრისტესთან! ის იყო მდიდარი – ღარიბი მრევლით, იყო კომფორტში – გაჭირვებული მოსახლეობით, იყო უზრუნველი – წელში შრომისგან მოხრილი მრევლით, იყო ფუფუნებაში – ემიგრაციაში გასტერბაიტერად გადახვეწილი მრევლით. და მაინც ბელადი იყო, იტირეს და იგლოვეს სტალინივით და ხალხის სიუხვე წარმოაჩინეს ჭეშმარიტების საზომად, როცა ჯვარცმულ ქრისტეს სულ რაღაც 6 ადამიანი დებდა საფლავად, ხოლო ამაღლებისას კი 70 აცილებდა.
წმინდა ბასილი დიდი ამბობდა: “პატივი კი არ ამართლებს ადამიანს, არამედ მისი საქმეები ამხელს მის სარწმუნოებას”.
ამდენად, ბიბლიური და პატრისტიკული ტრადიცია საკმაოდ მკაფიოდ აღწერს ცრუ წინასწარმეტყველის ტიპაჟს, რომელსაც ძირითადად ახასიათებს ნარცისიზმი და თვითგანდიდება, რადგან ცრუ წინასწარმეტყველი საკუთარ თავს აქცევს ცენტრად. იგი არ მიუთითებს ღმერთზე, არამედ საკუთარ “განსაკუთრებულობაზე” თხზავს თქმულებებს. როგორც მათე მახარებელი ამბობს:”და მთელ თავიანთ საქმეს აკეთებენ კაცთა დასანახავად; აგანიერებენ თავიანთ სალოცავ თასმებს და აგრძელებენ თავიანთი სამოსის კალთებს”(23,5).
ამგვარი ფსევდოსულიერების ტირაჟირებისას ხშირად მიმართავენ ხოლმე ემოციურ მანიპულაციებს, რაზედაც საკმაოდ მოწყვლადია რელიგიურად დამშეული საზოგადოება.
ფსევდოწმინდანები ლიბრგადაკრული ბრბოს მოსანუსხად ხშირად იყენებენ იმიტირებულ “სასწაულებს”, “ხილვებსა” და “სიზმრებს”, მაგრამ არა სინანულისა და ჭეშმარიტებისკენ, არამედ მასების მოსაზიდად.
პირადი კულტის ფორმირებისას ცრუ წინასწარმეტყველი ცდილობს, რომ მის ირგვლივ შეიქმნას პიროვნების კერპი და გარშემო იკრებს მხოლოდ მაქებრებს, პირმოთნე მეხოტბეებსა და ცოდვებში დანთქმულ უბირებს, რათა შემდგომში მათთან მიმტევებლის როლი ითამაშოს და ასე დაიმონოს სამართავად განწირული ბრიყვები.
ამიტომ, ეკლესიური ტრადიციის მიხედვით საქმე გვაქვს არა ღვთისგან მოვლენილ წინასწარმეტყველთან, არამედ ცრუ სულიერ ავტორიტეტთან, რომლის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ხშირად იყო ფარული ამპარტავნება, ნარცისიზმი, საზოგადოების გაბაიბურება და ძალაუფლების სიხარბე.