თანამედროვე ადამიანი ხშირად ვერ წვდება უფლისმიერ ჭეშმარიტებას, ვერ ხვდება თავისი სიცოცხლის აზრს და ვერ აცნობიერებს, რატომ უნდა თქვას უარი ცოდვისმიერ მიწიერ კეთილდღეობაზე, ან სწორად როგორ წარმართოს თავისი ყოველდღიურობა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი.
როგორც ეპისტოლეშია აღნიშული, სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადება იყო შედეგი რწმენისა, რომელიც მოციქულების დროიდან დაითესა ჩვენს ერში და ამ ღირებულებათა დაცვა არის მომავალშიც ჩვენი სწორი ორიენტირის უმთავრესი პირობაც.
„2025 წელს ქრისტიანულმა სამყარომ აღნიშნა ნიკეის I მსოფლიო კრების 1700 წლისთავი. ეს კრება კაცობრიობისათვის იქცა დიდი შემობრუნების საწყისად. მან განსაზღვრა ქრისტიანული მსოფლიოს ერთიანი რწმენა, საეკლესიო წესრიგი, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ახალი მოდელი, რაც შემდგომში მთელი აღმოსავლეთ-დასავლეთის ცივილური პოლიტიკური და სოციალური არქიტექტონიკის საფუძვლად იქცა.
საამაყოა, რომ ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ანუ 326 წელს, საქართველომ სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა აღიარა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა იმ დროინდელი სამყაროს მოწინავე ქვეყანათა შორის იყო თავისი სულიერი ღირებულებებით, სამართლიანობის სწორი აღქმით და იმ უმაღლესი იდეალებისადმი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით, რაც ნიკეის კრებამ ქრისტიანული მსოფლიოსათვის განსაზღვრა.
სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადება იყო შედეგი იმ რწმენისა, რომელიც მოციქულების დროიდან, ანუ I საუკუნიდან, დაითესა ჩვენს ერში.
დღეს, როდესაც არაერთი კულტურული და მსოფლმხედველობითი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, 325-326 წლების მონაკვეთი და ისტორიული თანხვედრა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ქართველი ერის სიძლიერე ეყრდნობა ქრისტიანული ღირებულებების ერთიანობას, სულიერ და სამოქალაქო წესრიგს და იმ არჩევანს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა 1700 წლის წინ შეუდგა. ამ ღირებულებათა დაცვა არის არა მხოლოდ წარსულისადმი ერთგულება, არამედ მომავალშიც ჩვენი სწორი ორიენტირის უმთავრესი პირობაც, რადგან უფალი და მისი სწავლება ჭეშმარიტია და დროის ცვალებადობას არ ექვემდებარება.
მაგრამ თანამედროვე ადამიანი ხშირად ვერ წვდება უფლისმიერ ჭეშმარიტებას, ვერ ხვდება თავისი სიცოცხლის აზრს და ვერ აცნობიერებს, რატომ უნდა თქვას უარი ცოდვისმიერ მიწიერ კეთილდღეობაზე, ან სწორად როგორ წარმართოს თავისი ყოველდღიურობა”, – ნათქვამია ეპისტოლეში.




