ილია მეორე – დღეს სიყვარულზეც და თავისუფლებაზეც ყველა ლაპარაკობს, მაგრამ გამოუსწორებელ შეცდომას უშვებენ ისინი, ვინც ცოდვის და ცოდვითი ცხოვრების სიყვარულს ჭეშმარიტ სიყვარულთან აიგივებენ და ისინიც, ვინც ყველაფრის უფლებას თავისუფლებად მიიჩნევენ

დღეს სიყვარულზეც და თავისუფლებაზეც ყველა ლაპარაკობს, მაგრამ გამოუსწორებელ შეცდომას უშვებენ ისინი, ვინც ცოდვის და ცოდვითი ცხოვრების სიყვარულს ჭეშმარიტ სიყვარულთან აიგივებს და ისინიც, ვინც ყველაფრის უფლებას თავისუფლებად მიიჩნევენ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი.
პატრიარქი ეპისტოლეში აღნიშნავს, რომ “გიყვარდეთ ერთმანეთი!” – ეს ერთადერთი, მაგრამ, სინამდვილეში, მრავლისმომცველი მოთხოვნა მოგვეცა უფლისგან შესასრულებლად.
“განკაცებულმა ღმერთმა, რომლისგანაც „შეიქმნა ყოველი … ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი“ (კოლას. 1.16), კაცობრიობას ახალი მცნების მთავარი არსი ამ სიტყვებით განუცხადა: „გიყვარდეთ ერთმანეთი და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე, გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი” (იოანე 13,34), რაც სხვისთვის (მოყვასისთვის) თავდადებულ სიყვარულს გულისხმობს. (რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი სიყვარული უნდა ეკუთვნოდეს ღმერთს და შემდეგ, ნებისმიერ პიროვნებას, როგორც ღვთის ხატს).
მეტად მნიშვნელოვანია, რომ მაცხოვარს ჩვენთვის არ განუსაზღვრავს, მოყვასი კეთილი უნდა იყოს, თუ – ბოროტი, წარმატებული, თუ – წარუმატებელი, მდიდარი, თუ – ღარიბი, გონიერი, თუ – უგუნური…
ჩემს მსგავსად გიყვარდეთ ერთმანეთი! – ეს ერთადერთი, მაგრამ, სინამდვილეში, მრავლისმომცველი მოთხოვნა მოგვეცა შესასრულებლად!
უფალი თავის თავს უძღვნის ყველას და, სიყვარულის სიდიადიდან გამომდინარე, ჩვენც მოგვიწოდებს, რათა მის მიერ მოცემული ადამიანობის მაგალითი ყველამ გავიზიაროთ და მისნი გავხდეთ.
ერთი შეხედვით, თითქოს იოლია ამ მცნებით ცხოვრება, მაგრამ ამ ქვეყნად ეშმაკისაგან ათასნაირი საცდური და მახეა დაგებული და ჩვენი გონება ხშირად ვერ აცნობიერებს, სინამდვილეში ვისი მსახურნი ვართ. ამიტომაც ვცდებით, საკუთარი თავი კი მართალი გვგონია.
მაგალითად, დღეს სიყვარულზეც და თავისუფლებაზეც ყველა ლაპარაკობს, მაგრამ გამოუსწორებელ შეცდომას უშვებენ ისინი, ვინც ცოდვის და ცოდვითი ცხოვრების სიყვარულს ჭეშმარიტ სიყვარულთან აიგივებს და ისინიც, ვინც ყველაფრის უფლებას თავისუფლებად მიიჩნევენ”, – ნათქვამია ეპისტოლეში.