პოლიტიკოსი ილია იაშინი, რომელიც 8,5 წელს იხდის სასჯელაღსრულების კოლონიაში, სმოლენსკის IK-3-ის საჯარიმო იზოლატორში გადაიყვანეს. ამის შესახებ ცნობა მისი ტელეგრამის არხშია გამოქვეყნებული.
ამის მიზეზად ილია იაშინი გასულ ხუთშაბათ სასამართლოს წინაშე მის გამოსვლას ასახელებს, რომლის შემდეგაც მასთან საკანში მივიდა სპეციალურ კომისია და მოსთხოვა ახალი ბანაკის მშენებლობაში მონაწილეობის მიღება. რაზეც იაშინმა თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო, უარი განაცხადა.
“კომისიას ავუხსენი ჩემი პოზიცია: მე მაქვს პოზიტიური დამოკიდებულება მუშაობის მიმართ, მზად ვარ ვიმუშაო, მაგრამ არ ავაშენებ ციხეებსა და ყაზარმებს იმ ქვეყანაში, სადაც პოლიტპატიმრების რაოდენობა ყოველდღე იზრდება-ეს ეწინააღმდეგება ჩემს რწმენას”, – იუწყება პოლიტიკოსი.
საპასუხოდ, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა იაშინს მიუგო, რომ იგი შეიძლება დასაქმდეს სამკერვალო სახელოსნოში, რათა შეკეროს ტომრების და ქურთუკები უკრაინაში მყოფი რუსი სამხედროებისთვის. პოლიტიკოსმა კვლავ უარი თქვა, რის გამოც იმავე დღეს საღამოს მას კოლონიის საჯარიმო იზოლატორში პირველი ხუთდღიანი პატიმრობა მიესაჯა.
· 2022 წლის დეკემბერში ოპოზიციონერ ილია იაშინს რუსეთის არმიაზე „ფეიკების“ მუხლით 8,5 წლით კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯეს ბუჩაში მკვლელობების თაობაზე ინფორმაციის გავრცელებისთვის. 2023 წლის აპრილში მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის გამოტანილი განაჩენი.
· რუსეთის სასამართლოები „ფეიკებად“ მიიჩნევენ უკრაინაში ომის შესახებ ცნობებს, რომლებიც არ შეესაბამება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერსიას. იაშინი ირწმუნება, რომ უდანაშაულოა და მიაჩნია, რომ მისი სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკურად არის მოტივირებული.
· იაშინის წინააღმდეგ საქმე აღიძრა YouTube-ზე მისი სტრიმის გამო, რომელშიც საუბარი იყო უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობებზე. ოპოზიციონერმა მოიყვანა მტკიცებულებები, რომ ბუჩის მოსახლეებს რუსეთის სამხედროები კლავდნენ და არჩევდა რუსეთის მხარის არგუმენტებს, რომ ბუჩის მოვლენები „ფეიკია“.