საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფოს მიერ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მხარდაჭერისკენ მიმართულ ძალისხმევაზე ისაუბრა.
მან ხაზი გაუსვა დიასპორული ორგანიზაციების, საკვირაო სკოლებისა და კულტურული კერების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული პროგრამების მნიშვნელობას, ასევე დიასპორული საგრანტო პროგრამების ინტენსიურობას და პროგრამებში მონაწილეობის მიმართ დიასპორის გაზრდილ ინტერესს.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული საგრანტო პროექტები კარგი საშუალებაა მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს წარმოჩენისთვის, ისევე როგორც ეროვნული თვითმყოფადობის განმტკიცებისა და დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერებისათვის.
ილია დარჩიაშვილმა ასევე დიასპორის მიმართულებით დასახული პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად საჭირო მექანიზმებზე ისაუბრა.
„განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და ამ კუთხით, სახელმწიფოს მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ, კიდევ უფრო მაღალი ინტენსივობით გაგრძელდება ამ მიზნით სამინისტროს ფარგლებში არსებული მექანიზმების დახვეწა და თანამშრომლობა როგორც შიდა, ასევე გარე აქტორებთან. აღნიშნულ პროცესში ასევე ვითვალისწინებთ სხვადასხვა მოწინავე ქვეყნის (ირლანდია, ისრაელი) საუკეთესო პრაქტიკას და ვცდილობთ წარმატებული მოდელების გადმოტანას ჩვენს რეალობაში,“ – განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, სამინისტროს მიერ ინიცირებული საგრანტო პროექტების მიმართ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეთა მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, მათი მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, საგრანტო პროექტების ბიუჯეტი, ისევე როგორც მათ მიმართ თანამემამულეთა დაინტერესება, უმეტეს შემთხვევაში, გაორმაგებული, ხშირ შემთხვევაში კი, სამჯერ არის გაზრდილი.
„აღნიშნული პროექტები უდავოდ კარგი საშუალებაა ქართული დიასპორისთვის მსოფლიოს მასშტაბით წარმოაჩინონ ჩვენი ქვეყანა, ხელი შეუწყონ ეროვნული თვითმყოფადობის განმტკიცებას და დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერებას,“ – აღნიშნა დარჩაშვილმა.
სიტყვით გამოსვლსიას, ილია დარჩიაშვილმა ასევე კულტურული დიპლომატიის როლზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, შეუცვლელი მექანიზმია ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე უკეთ წარმოჩენის და კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესებში ქვეყნის ჩართულობის ხელშესაწყობად.
„საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭება მეტ სტიმულს გვაძლევს, რათა მომავალში უძველესი ქართული კულტურა ევროპის ქვეყნებში წარმოვაჩინოთ და მისი უფრო ფართო პოპულარიზაციამ ოვახდინოთ,“ – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
ამ კუთხით, მინისტრობის კანდიდატმა განსაკუთრებით აღნიშნა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში „ევროპალია“ საქართველოს სტუმრის სტატუსით მონაწილეობა, ასევე 2023 წელს ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის ხატის მოზაიკაში შესრულებული ასლის განთავსება. ილია დარჩიაშვილმა ხაზი ასევე გაუსვა იმ ფაქტს, რომ 2022 წელს, საქართველოსთვის იორდანიის სამეფოში გადმოცემულ მიწის ნაკვეთზე უახლოს მომავალში დაიწყება კულტურის ცენტრის მშენებლობა.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.