ილია დარჩიაშვილი – მთავარი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება

დღევანდელ რთულ საერთაშორისო გეოპოლიტიკურ გარემოში, საქართველოსათვის მთავარი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება უაღრესად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრობის კანდიდატმა ვრცლად ისაუბრა -სთან, ევროპის და აზიის ქვეყნებთან მჭიდრო მეგობრული კავშირების განმტკიცების, ახალი სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების განვითარებისა და სხვადასხვა დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.
მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება გაგრძელდება.
როგორც ილია დარჩიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მიმდინარე წელს, საქართველოს მთავრობის მხრიდან უდიდესი ძალისხმევა იქნება მიმართული ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე ასაყვანად, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გათვალისწინებით.
ამ კუთხით, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა 2023 წელს მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების მნიშვნელობა იტალიასთან, სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება რუმინეთთან, ასევე 2022 წელს საქართველოსა და უნგრეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის გაფორმება.
ილია დარჩიაშვილის თქმით, 2023 წელს, გრძელდებოდა გაერთიანებულ სამეფოსთან „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ფორმატის ფარგლებში თანამშრომლობა, საფრანგეთთან დიმიტრი ამილახვრის ქართულ-ფრანგული დიალოგის ფორმატი და „ქართულ-გერმანულ-ფრანგული“ სამკუთხედის რეგულარული ფორმატით მუშაობა. ამასთან, გაფართოვდა ნორდიკულ რეგიონთან პოლიტიკური დიალოგი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე „საქართველო-ნორდიკული ქვეყნების“ არაფორმალური პლატფორმის ფარგლებში.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, უმნიშვნელოვანესი იყო ღია პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოს ეროვნული მიზნებისადმი გერმანიის მხრიდან, რომელიც საქართველოს მხარდაჭერის კუთხით ლიდერ ქვეყნად ჩამოყალიბდა.
მინისტრობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა ჩინეთთან სტრატეგიული ხასიათის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, საქართველოს გეოპოლიტიკური და რეგიონალური ფუნქციის გათვალისწინებით.
მისივე თქმით, განსაკუთრებული აქცენტი მიმართულია ჩინეთთან თანამშრომლობაზე საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერების თვალსაზრისით, ისევე როგორც სავაჭრო-ეკონომიკური, ხალხთაშორისი, კულტურის და სხვა დარგობრივი მიმართულებით კავშირების გაძლიერებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება